ყველამ იცოდა მეუფე ზოსიმეზე, მათ შორის, მამა დიმიტრი შიოლაშვილმაც – მღვდელი გიორგი სხილაძე

მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი სხილაძე ამბობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ბევრმა იცოდა მეუფე ზოსიმეს შესახებ, რომელსაც სასულიერო სემინარიის ერთი სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ამის შესახებ გიორგი სხილაძემ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

როგორც სასულიერო პირი იხსენებს, 1980 წელს თავის სულიერ ძმებთან ერთად ჩააბარა სასულიერო სემინარიაში და როდესაც მათ გაიგეს მეუფე ზოსიმეს მხრიდან თავიანთი მეგობრის სექსუალური შევიწროების შესახებ, დაუყონებლივ აცნობეს სხვა სასულიერო პირებს, მათ შორის, პატრიარქის ძმისშვილ დიმიტრი შიოლაშვილს. მეუფე ზოსიმე იმ დროს სემინარიის რექტორი იყო, დიმიტრი შიოლაშვილი კი- სემინარიის ლექტორი.

“უპირველესი ადამიანი, ვისაც ამ ამბის შესახებ ვაუწყეთ, იყო პატრიარქის ძმისშვილი, მამა დიმიტრი, რომელიც იმ დროს მღვდელი იყო და სემინარიაში ლიტურგიკას გვიკითხავდა. ის ახლა არის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი. მას ვაუწყეთ ეს საშინელი მოვლენა, რომლის გავრცელებაც არ გვინდოდა არათუ ერში, არამედ ბერშიც. ამ ამბის შემსწრე სხვა ადამიანებიც არსებობენ ჩემ გარდა. “თქვენც ახლა ახალი ამბავი გვითხარითო”, – გვითხრა დიმიტრიმ.

აღმოჩნდა, რომ მეუფე ზოსიმეს შესახებ ეს ამბავი იცოდა არა მხოლოდ მამა დიმიტრიმ (ამჟამინდელმა მეუფემ), არამედ იცოდნენ სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებმა. ზოგმა ნიშნის მოგებით თქვა, აი, მე რომ დავიწყე ამაზე ბრძოლა, მაშინ არავინ დამიჭირა მხარი და ახლა მე არ დაგიდგებით გვერდითო. აი, ასე შეგვატოვეს პირისპირ საბჭოთა უშიშროებას”, – თქვა სასულიერო პირმა გიორგი სხილაძემ. , რომელიც 2000-იანი წლებიდან საფრანგეთში მოღვაწეობს.

როგორც სხილაძე იხსენებს, კახა კალაძე, რომელმაც მეუფე ზოსიმე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მისი მეგობარი იყო.

“მან ჩვენთან ერთად ჩააბარა სემინარიაში და გვყავდა ერთი მოძღვარი, დღედაღამ ერთად ვიყავით. 17-18 წლის იყო ეს ადამიანი, რომელიც მეუფე ზოსიმემ აიყვანა სტიქაროსნად და პირად მძღოლად. ჩვენ შევატყვეთ, რომ ადამიანი, რომელიც გაეკლესიურდა ერთი წლის წინ, იცვლის ცხოვრების ნირს, აღარ იქცეოდა ისე, როგორც ეკლესიური ადამიანი იქცევა. ვატყობდით, რომ შინაგანად უჭირდა და რაღაცას ვერ ამბობდა. სანამ ის ჩვენთან გამოტყდებოდა მეგობრულად და იტყოდა, მანამდე ჩვენ შევედით მეუფე ზოსიმესთან კაბინეტში. ჯერ შევიდა ჩვენ შორის ყველაზე უფროსი ვინც იყო და ის ესაუბრა ამ თემებზე. მეუფე ზოსიმე გატყდა მორალურად და სტუდენტს ეუბნება ასეთ სიტყვებს- აი, შენ გაბარებ სემინარიას და შენ მართეო. მერე შევედით მე და ჩემი სულიერი ძმა, რომელიც იმ დროს 18-19 წლის იყო, დათმო ყველანაირი პოზიცია. ჩვენი მხრიდან არ იყო არანაირი შეურაცხყოფა. ჩვენ სიტყვა მივეცით მას (მეუფე ზოსიმეს), რომ გადამდგარიყო ამ თანამდებობიდან, რომ ის ეწეოდა მომავალი სასულიერო პირების გარყვნას, წასულიყო მონასტერში და მოენანიებინა, ჩვენ კი არავის ვეტყოდით ამის შესახებ. ჩვენ პირობა მივეცით მას. ამ სიტყვას ბოლომდე შევინარჩუნებდი, მაგრამ მერე ხმები გავრცელდა. ჩვენი ზოგი სულიერი ძმა იძულებული გახდა, დაედასტურებინა ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვდიოდით ცილისმწამებლები. ამიტომ მეც იძულებული გავხდი, დამედასტურებინა ეს ისტორია წინააღმდეგ შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ ვაყენებდი ჩემს სულიერ ძმებს, რომ აღარაფერი ვთქვა საკუთარ თავზე”, – ამბობს გიორგი სხილაძე.

სასულიერო პირის ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტების ულტიმატუმის შემდეგ მეუფე ზოსიმემ ხელწერილი დაწერა.

“ამ საუბრის დასასრულის შემდეგ დაწერა, რომ სემინარიის სტუდენტთა სამართლიანი მოთხოვნის შემდეგ მე სამუდამოდ ვტოვებ სემინარიის რექტორის თანამდებობას. თუ პირობა დავარღვიო, მივეცე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში. ხელი მოაწერა და ბეჭედი დაუსვა. ჩვენმა ერთმა სულიერმა ძმამ მას მოსთხოვა ეს დაეწერა სემინარიის ბლანკიან ფურცელზე. ამას მეტი ძალა და დამაჯერებლობა ექნებოდა. ეს ხელწერილი, რაც გამოავქეყნეთ, ეს არის მისი დაწერილი”, – აცხადებს მღვდელი გიორგი სხილაძე.

banner
წინა სტატიაშიელისაბეთ რუდი : „ფრიდომ ჰაუსი“ კერძო ორგანიზაციაა და საკუთარ შეფასებას აკეთებს, მე კი შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს მედიის თავისუფლების გაძლიერებას
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს