ყველა წესს არგებთ უმრავლესობას, შექმენით უმრავლესობის დიქტატურა – ბოკუჩავა კობახიძეს მიმართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა, პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, დიქტატურაში ადანაშაულებს. განცხადება ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ბოკუჩავამ რეგისტრაციის გადადება გააპროტესტა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ კობახიძის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია იჩაგრება.

„რეალურად თქვენ აბსოლუტურად ყველა წესს პარლამენტში არგებთ უმრავლესობას. შექმენით უმრავლესობის დიქტატურა, იმიტომ რომ ნებისმიერი მიზეზი, რომელსაც თქვენ ასახელებთ, არის ლეგიტიმური მიზეზი, მაგრამ არ გვიხსნით ასევე რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმისთვის, რომ გადაიდო რეგისტრაცია.

ასევე ეს არის იგივე კომიტეტებზეც. როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეს სურს, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან გადადოს, ან დრო შეცვალოს, ან გააუქმოს ან თავიდან დანიშნოს კომიტეტის სხდომა, მაგრამ იგივეს უფლება არ გააჩნიათ სხვა წევრებს და განსაკუთრებით ოპოზიციის წევრებს.

ამაზეა საუბარი ბატონო ირაკლი, რომ პარლამენტში თქვენი გადაწყვეტილებებით იჩაგრება ოპოზიცია, მათ შორის რეგლამენტის გამოყენებით. ამაზე გამოხატავდა ბატონი აკაკი თავის პროტესტს და იმის ნაცვლად, რომ თქვენ გქონდეთ ლეგიტიმური პასუხი, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ძალიან შეუფერებელი რიტორიკით მიმართავთ პარლამენტის წევრებს“, – მიმართა ბოკუჩავამ კობახიძეს.

პლენარული სხდომის დაგვიანებით დაწყება “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ სხდომის გახსნისთანავე გააპროტესტა.

ბობოხიძის თქმით, 12:00 საათზე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რადგან სხდომა გადავადდა, დარბაზიდან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი დეპუტატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებული დახვდა, რის გამოც რეგისტრაცია ვეღარ გაიარა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით კი, სესია დაგვიანებით იმის გამო დაიწყო, რომ ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.

„ბატონმა აკაკიმ გადაწყვიტა პროვოკაციის მოწყობა და თქვენ ბატონ აკაკის , როგორც მეგობარმა პარტიამ გამოუცხადეთ სოლიდარობა“-უპასუხა კობახიძემ ბოკუჩავას.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : თუ პრეზიდენტმა თქვა, რომ პარტიის წევრები გადიოდნენ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიაჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო, ბოლო წლებში მან მიიღო ტექნიკური ხასიათი და ჩვენ პოლიტიკური დიალოგის წარმოება გვჭირდება