ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს და ზარდიაშვილი საკუთარ გამორჩენას ეძებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის დღევანდელი განცხადება არასამთავრობოების მისამართით, ზარდიაშვილის დიაგნოზია, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ და პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი კლანის ინტერესებზე მორგებულია.

„სამი საათის განმავლობაში ყველა, საკუთარი თანაგუნდელები, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, დამოუკიდებელი ექსპერტები, ყველა ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს კანონი არის მორგებული კლანის ინტერესებზე. ამ სამსაათიანი დასაბუთებული კომენტარებისგან ვანო ზარდიაშვილმა მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა შეძლო. ეს მეტყველებს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. არის ასეთი გამოთქმა, ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს და ზარდიაშვილი საკუთარ გამორჩენას ეძებს. ეს განცხადება ზარდიაშვილის დიაგნოზია“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს „შავრაზმელები“ უწოდა, თუმცა აღნიშნული ფრაზის გამო მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

„ეს არის თქვენი რეალობა, თქვენი ჭეშმარიტი სახე. აი, კლანი უნდა წავიდეს. ჰკითხეთ ამ „შავრაზმელებს“, შავი მაისურები რომ აცვიათ, ბოდიში, ცუდად გამომივიდა. ჰკითხეთ, შავი მაისურები ვისაც აცვია, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან, რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-სთან. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან, ან მასთან დაკავშირებულ პირებთან. ეს ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანობაში წარმოადგენს ერთ საერთო არასამთავრობოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახელი ჰქვიათ, მათ აქვთ ერთი ფესვი და ეს არის საია. მათ აქვთ ერთი იდეოლოგია. პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლეებს წარადგენდა მხოლოდ საია-ს რეკომენდაციით და პრეტენზია არავის ჰქონდა. საზოგადოებას განაწყობთ ნეგატიურად“,- აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთვრობობეს საკუთარი ინტერესი აქვთ, კერძოდ, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის გამწესება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

banner
წინა სტატიაშიფოთის სანიჩბოსნო ბაზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე იუსტიციის საბჭოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, ამიტომ გადადგა