32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

“ყველა ტერორისტი ამბობს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის”- პაპუაშვილი ელისაშვილის საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

“ALDE-მ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ზიზღის ენის შემოქმედები ჰყავთ. შემდეგ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონებს კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებებში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობდნენ, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ კი ლოგიკური გაგრძელებაა, რომ საქმე ტერორისტულ აქტამდე მივიდა, რომელზეც ალეკო ელისაშვილს შესაბამისი სასჯელი მიესაჯა და ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ იჩენენ ტოლერანტობას, რაც ALDE-ს, როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს აჩვენებს. განსაკუთრებით სკანდალურია, რომ ALDE-ს ლიდერები კოსი და კალასი არიან, რომლებიც პასუხს აგებენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე და ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი არის ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც ტერორისტთან ერთად პოლიტიკურ ოჯახში იმყოფებიან, ეს დიდი სკანდალია.

სანამ რეაქცია ადეკვატური არ იქნება ALDE-სგან, არასერიოზული იქნება კოსისგან და კალასისგან ნებისმიერი სახის კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე შევახსენებთ, რომ მათი პოლიტიკური თანამებრძოლი ტერორისტია.

რაც შეეხება კვალიფიკაციას, ამას სასამართლოა ადგენს, მტკიცებულებები იქნა წარდგენილი და განაჩენი იქნა გამოტანილი. თავად მოტივზე ელისაშვილმა ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, ავტომატი ეყიდა და მოსამართლეებსა და პროკურორებს დახვედროდა და დაეცხრილა. ყველა ტერორისტი ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის, ყველა ვინც ქალებსა და ბავშვებს კლავს, ვინც შენობებსა და მანქანებს აფეთქებს და წვავს, ყველა ამბობს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის. თავად დაადასტურა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს ჩადიოდა და ახლა იმაზე წუწუნი, რომ ტერორისტული აქტი არ არის, სასაცილოა!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: კაია კალასის მიდგომა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატია“პატრიარქმა პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა”- მეუფე ვახტანგი