ყველა სხვას ახოცავს ხელს, განსაკუთრებით საწყალ ნარმანიას – ოპოზიცია სამშენებლო ნებართვებზე საუბრობს

აუდიტის სამსახურის სამსახურის მიერ სამშენებლო ნებართვებით დაინტერესებას, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ეხმაურება. კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ მშენებლობები სტიქიურად მიმდინარეობს და ხშირია ფუნქციური ზონების ცვლილების შემთხვევებიც.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს არავინ აკონტროლებს და პრობლემის მოგვარება არ ხდება. ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, ამის დასტურია დედაქალაქის გენგეგმა, რომელშიც არა პრობლემის სისტემური გამოსწორება, არამედ მცირე დეტალების შეცვლა ხდება.

„ყველა სხვას ახოცავს ხელს დღევანდელ მერიაში, განსაკუთრებით საწყალ ნარმანიას, მაგრამ არასდროს არ უთქვამს რა უნდა თვითონ. ვიღაც არის ყოველთვის დამნაშავე, მაგრამ ქალაქი მკაფიოდ არ ამბობს, როგორი ქალაქი უნდა თვითონ. დღევანდელი გენგეგმის განხილვაც ასე ხდება, არის დეტალების შესწორებაზე, მაგრამ კარდინალურ საკითხებს არავინ არ განიხილავს,“ – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

მშენებლობებთან დაკავშირებით ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, გადაწყვეტილების მიმღებად დედაქალაქის მერის დანიშვნას ასახელებს „ევროპული საქართველო“. გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ მშენებლობებზე ნებართვა არა თბილისის მერმა, არამედ სპეციალისტმა უნდა გასცეს.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ თბილისში შენდება შენობები, რომელსაც სპეციალისტიც კი არ სჭირდება, არაპროფესიონალის თვალითაც კი მიხვდები, რომ ამ ნებართვის გაცემა არ შეიძლებოდა. ასევე შენდება შენობები, რომელსაც არ აქვს ნებართვა და მაინც შენდება. შესაბამისად, პრობლემა მართლაც ძალიან მწვავეა. მერი მიიღებს თვითონ გადაწყვეტილებებს, რისი კომპეტენციაც და ცოდნას რასაკვირველია, მას არ აქვს. ამ საქმეში უნდა იყვნენ ჩართულნი სპეციალისტები,“ – აცხადებს გიორგი გაბაშვილი.

banner
წინა სტატიაშითიანეთის საკრებულოს ბიურომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი მიიღო
შემდეგი სტატიახმაური თელავის საკრებულოში – “ენმ” მმართველ გუნდს ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღებაში ადანაშაულებს