საუბარი არ არის ოპოზიციის მის გარშემო გაერთიანებაზე, მთავარი მესიჯი არის, რომ ყველა პროდასავლური პარტია, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ, რაც არის „რუსული ოცნების” მოშორება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
წითლიძე ამბობს, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა არის საკითხი, რასთან შედარებითაც პარტიებს შორის განსხვავებული ხედვები არის მეასეხარისხოვანი.
„საუბარი არ არის მის გარშემო გაერთიანებაზე, მთავარი მესიჯი არის ის, რომ ყველა პროდასავლური პარტია მიუხედავად განსხვავებისა უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ, რაც არის “რუსული ოცნების” მოშორება და ყველა პროდასავლურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავუშვათ ისინი ხელისუფლებიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი გადამწყვეტ არჩევნებამდე, უნდა გვახსოვდეს, რომ მეტწილად საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ განსხვავება არის მეასეხარისხოვანი. როცა საუბარია გაერთიანებაზე, საუბარია სწორედ ამ მიმართულებით,”- განაცხადა წითლიძემ.
წითლიძის თქმით, “მიხეილ სააკაშვილი ყველას აჩვენებს თავგანწირვის მაგალითს, რადგან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისთვის და ამაში მისი როლი დიდი იქნება”.
“მაშინ, როცა “რუსული ოცნება” ყოველდღიურად აწამებს მესამე პრეზიდენტს, მაშინ როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და არ ვიცი, როგორ შეიძლება ის გაუარესდეს უფრო მეტად, რადგან მათ შორის საერთაშორისო ექიმებს მასთან შესვლის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ აძლევენ, მაშინ როცა ყველაფერს აკეთებს “რუსული ოცნება”, რომ სამაგალითოდ დასაჯოს მესამე პრეზიდენტი, წარმოუდგენელი იყო, მას არ გაკეთებინა ის განცხადება, რაც მან გააკეთა, რადგან მიხეილ სააკაშვილი იყო უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც 2008 წელს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე გადაარჩინა ეს ქვეყანა რუსულ ოკუპაციას, იყო პრეზიდენტი, რომელმაც 2003 წელს ეს ქვეყანა დაუბრუნა ქართველ ხალხს და ყველაზე მეტი გააკეთა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ახლა, როცა გვაქვს ისტორიული შანსი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, “რუსული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შანსი დავკარგოთ, ამიტომ მიხეილ სააკაშვილის როლი ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის მიღების და “რუსული ოცნების” მოშორების საქმეში, ცხადია, რომ იქნება ძალიან დიდი,”- განაცხადა წითლიძემ.