“ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება პრემიერობის თავისი კანდიდატი”

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებზე და კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატის თემას ეხმაურება. სერგი კაპანაძის თქმით, სწორედ მათი ინიციატივა იყო საერთო ოპოზიციური კანდიდატების დაყენება რეგიონებში, თუმცა ეს არ მოხდა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს ყველა რეგიონში ჰყავს ძლიერი კანდიდატები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის, ხოლო პრემიერობის თავისი კანდიდატი ყველა პარტიას ეყოლება.

“ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და ეს ხელისუფლება, რომელიც არასწორი მიმართულებით მიაქანებს ქვეყანას, იყოს შეცვლილი. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ იმისათვის, რომ რეგიონებში ყოფილიყო გამსხვილებული მაჟორიტარული კანდიდატები, თუმცა კონკრეტული პარტიის გამო ეს
არ მოხდა და ჩვენ უკან აღარ დავბრუნდებით. ჩვენ ყველგან დავაყენეთ ჩვენი, ძალიან ძლიერი კანდიდატები, რომელთაც კონკრეტული ხედვა გააჩნიათ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეკონომიკა, რეგიონების ცხოვრება უკეთესობისაკენ, და ჩვენ ვიქნებით კომპასი ამ გარდამტეხი ცვლილებების და ეს მაჟორიტარები იქნებიან ძლიერი კანდიდატები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის, ან მეორე ტურში გასვლისთვის.

რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება თავისი კანდიდატი, ხოლო საბოლოოდ არჩევნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, უნდა შეირჩეს ის კანდიდატი, რომელიც იქნება კომპრომისული ყველასათვის. კოალიციურ მთავრობაში, ევროპულ საქართველოს ექნება ცენტრალური როლი, რადგან სწორედ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვართ კომპასი, თუ როგორ უნდა მოხდეს
გარდამტეხი ცვლილებები”. – ამბობს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა კიბერშეტვით ლუგარიდან ინფორმაცია მოიპოვეს და ატვირთეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე-რუსეთისთვის დეზინფორმაცია ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია, რასაც სიმართლეს დავუპირისპირებთ