ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვეტოს დაძლევაში – პრეზიდენტი ახალ კანონს ხელს მოაწერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ხელს მოაწერს ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს, თუმცა მისივე თქმით, ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში წელიწადნახევრის წინ:

”გუშინ პარლამენტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა კანონი, რომელიც შეეხება ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობას, ამ კანონით ეროვნულ ბანკს უბრუნდება საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია, თუმცა მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევრის წინ, კოალიციურმა უმრავლესობამ ეროვნულ ბანკს ჩამოართვა ეს ფუნქცია და საბანკო სისტემა დააყენა ძალიან სერიოზული რისკის წინაშე. ჩამოართვა ფუნქცია და ეროვნული ბანკი ორ ნაწილად გაყო, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის, საბანკო სექტორის, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული ბანკის წინააღმდეგობისა. ასევე, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა ასოცირების შეთანხმებასთან. პრეზიდენტმა, ცხადია, არ დაუშვა ეროვნული ბანკის ორად გაყოფა, ვეტო დაადო ამ კანონპროექტს, მაგრამ კოალიციურმა უმრავლესობამ დიდი ენთუზიაზმით მოახდინა ამ ვეტოს დაძლევა, თუმცა, მყისიერად ეს კანონი გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ, ხოლო, უკვე წელიწადნახევრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ახლიდან შეიტანა პარლამენტში. მე მაქვს პრეზიდენტის მოტივირებული ვეტოც და საქართველოს მთავრობის ახლანდელი ვერსიაც – ეს პრაქტიკულად იდენტურია ანუ საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წელიწადნახევრის შემდეგ”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს – ანა დოლიძე
შემდეგი სტატიახოშტარია უმრავლესობას: პატრულს ისევ მოქალაქეებთან აპირისპირებთ