“ყველა გაგიჟდა და გერმანული მოდელი კონსტიტუციის შესაბამისი გონიათ”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან მოდის შეუსაბამობაში. მდინარაძე ამბობს, რომ ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ან ყველა გაგიჟდა, ან უბრალოდ სპეციალურად აკეთებენ ამას.

“თუ გერმანულ მოდელს მივიღებთ, ნიშნავს, რომ 150-ვე მანდატი უნდა იყოს პროპორციულად განაწილებადი და მათ შორის შეიძლება პერსონიფიცირება და მოქმედ კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება მხოლოდ პროპორციული წესით. გვთავაზობენ დავეთანხმოთ ამ “იურიდიულ ლოგიკას” და არითმეტიკას, რომ 77 უდრის 150-ს . შეუძლებელია, სისულელეა და არ შეიძლება იურისტმა ასეთი სისულელე თქვას,” – ამბობს მდინარაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ გამოცდილი კონსტიტუციონალისტები გერმანულ მოდელსა და კონსტიტუციას შორის შეუსაბამობას ვერ ხედავენ, მდინარაძე პასუხობს, – “ერთი ვარიანტია, რომ ყველა გაგიჟდა გერმანული მოდელი ჰგონიათ შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან და ეს დააჯერეს ერთმანეთს და სიგიჟეში არიან გადავარდნილები, მეორე – ზუსტად იციან, რომ გერმანული და მისი მსგავსი მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას და სპეციალურად აკეთებენ, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი, რასაც ვერ ახერხებენ.”

banner
წინა სტატიაში” ძალიან მომწონს ელენე ხოშტარია, აშკარაა რომ გულწრფელია და ქვეყანა უყვარს”
შემდეგი სტატიაპარლამენტის რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს