ყველა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც არაჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ბავშვების ჯანმრთელობას

სასწავლო დაწესებულებებში სველი წერტილების მონიტორინგის გამკაცრების შედეგად ათობით დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თუ აქამდე სველი წერტილების შემოწმება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტარდება, ახლა თვეში ერთხელ განხორციელდება.

მისივე თქმით, სიახლეა ისიც, რომ პროცესებში სკოლის მოსწავლეების მშობლებიც ჩაერთვებიან.

“გამკაცრება გულისხმობს ინტენსივობას პირობითად. ჩვენ რესურსი თუ გვყოფნიდა, რომ სკოლებში წელწადში ერთხელ ან ორჯერ შემოწმებულიყო სველი წერტილი, ახლა გვაქვს საშუალება, რომ პრაქტიკულად ყოველთვიურად მონიტორინგი იყოს. გარდა ამისა, მშობლები ჩაერთვებიან პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშობლები არიან ინფორმაციის ყველაზე კარგი წყარო და ჩვენი სამსახურები იქნებიან მობილიზებული, როგორც რეგიონში ასევე თბილისში, რომ ნებისმიერი სიგნალი, რომელიც დაკავშირებული იქნება არამარტო სველ წერტილში, არამედ ზოგადად ჰიგიენასთან და ბავშვების ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხესთან, იყოს ძალიან სწრაფად რეაგირების საფუძველი. ყველა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც არაჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ბავშვების ჯანმრთელობას“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიდიასპორული პოლიტიკა – პარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ
შემდეგი სტატიაროგორია ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!