ყველა დამნაშავეს უნდა ესმოდეს, რომ ვიპოვით და ადეკვატურ პასუხს გავცემთ – ინაშვილი

საქართველოს სახელმწიფო დამნაშავეებთან მიმართებაში პრინციპული და მკაცრი უნდა იყოს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილმა წეროვანში განაცხადა, სადაც წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ინაშვილის შეფასებით, მომხდარი დიდი ტრაგედიაა ყველა ქართველისთვის და თითოეული ოჯახისთვის. სახელმწიფომ კი, ამ ტრაგედიაში დამნაშავეთა დასასჯელად მკაცრად უნდა იმოქმედოს.

„სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მკაცრად დამნაშავეებთან მიმართებაში. ამ დამნაშავეებს არ აქვთ ეროვნება, ის ვინ მოკლა და აწამა არჩილ ტატუნაშვილი, ოსსაც აწამებს და მოკლავს. ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს პრინციპული და ძალიან მკაცრი დამნაშავეებთან მიმართებაში, უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც მოქმედებს ისრაელი. ყველა დამნაშავეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მათ ვიპოვით, ჩამოვიყვანთ და ადეკვატურ პასუხს გავცემთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ამის საშუალება, ჰყავს სერიოზული სპეცსამსახურები პატრიოტი და მაღალკვალიფიციური კადრებით.

„დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება, ყველგან იპოვიან დამნაშავეებს და გაასამართლებენ საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა ინაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ის დღეს სოფელ წილკანში მდებარე საკუთარი სახლიდან გადაასვენეს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე მივიდა
შემდეგი სტატიავმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში იყოს