“ყველა ბარიერი დაინგრევა და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად წავშლით ოკუპაციის მძიმე კვალს ჩვენი ლამაზი სამშობლოს კალთაზე”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“11 წელი გავიდა ომიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი დიდი ტკივილი მიაყენა და ჩვენი ტერიტორიის ორი განუყოფელი ნაწილი – აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით ჩვენთვის მიუწვდომელი გახადა. დროებით, რადგან ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღვრილი გმირების სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია და რის მოწყვეტასაც ჩვენგან ცდილობენ.

11 წლის წინ ჩვენი საკუთარი ტერიტორიებიდან იძულებით გადადაადგილებულთა რიცხვი გაიზარდა, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ქედს ვიხრი მათი სულების წინაშე, განადგურდა სოფლები, ოკუპანტმა მავთულხლართებით გაყო მოსახლეობა, თუმცა მჯერა, დადგება დრო, როცა მშვიდობიანად აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ყველა ბარიერი დაინგრევა, ისევ ერთად ვიქნებით და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად წავშლით ოკუპაციის მძიმე კვალს ჩვენი ლამაზი სამშობლოს კალთაზე.

არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ოკუპაცია დიდხანს გაგრძელდეს, არ შეიძლება ისტორიული სამართლიანობა არ აღდგეს და კვლავ ერთიანი, ძლიერი საქართველო არ იყოს ჩვენი შვილების მომავალი.

11 წლის წინანადელმა ომმა უდიდეს ტკივილთან და დანაკარგთან ერთად, ჩვენი საამაყო ჯარისკაცების არაერთი გმირობის მაგალითი მოგვიტანა. ბევრი თაობა გაიზრდება შინდისის გმირების ისტორიაზე, რომელთა ბრძოლამ მტერსაც კი წამიერად სინდისი გაუღვიძა”, – აცხადებს ბაკარაძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ოკუპანტია – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-გუბერნატორმა მოადგილეები დანიშნა