ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში

ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ზედმიწევნით არ დაიცავს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და მთავრობას მოუწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.

„იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში! ყოველი დამატებითი შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ინფიცირებულთათვის ჯანდაცვის სერვისების სრულყოფილად მიწოდებას და რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური დანაკარგით, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას და ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით ჩვენი ეკონომიკის ხელახლა ამუშავებას. ამიტომ, მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი! დარჩით სახლში! ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა,“- მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაში17 აპრილის 12 საათიდან ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა