ხვალიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 9, 2020 12:55

ხვალიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალაში შედის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანალოგიური სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით მოქმედებს.

„ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად შემოგვაქვს. ეს თბილისისთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენ მოსახლეობას რამდენჯერმე მივმართეთ, რომ საინფორმაციო ჯიხურებში საკუთარი ავტომობილები დაერეგისტრირებინათ, იმისთვის, რომ აღნიშნული ადგილებით უფასოდ ესარგებლათ. პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვის და შშმ პირებისთვისაც, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მოსული ადამიანებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).

მუნიციპალური პავილიონების პარალელურად, ფასიანი პარკირების ადგილებში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები ავტომობილების მფლობელებს საათობრივი პარკირების საფასურის გადახდაში, ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობაში, აპლიკაციის ჩამოტვირთვაში, რეგისტრაციასა და პარკირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 9, 2020 12:55