ხვალამდე გზა და საზოგადოება – საქართველო, 2021 წელი

ხვალ არჩევნებია – ვისთვის თვითმმართველობის, ვისთვის რეფერენდუმი. მაგრამ როგორადაც არ უნდა „მოვნათლოთ“ ხვალინდელი დღე, გუშინ, გუშინწინ, იმის წინ ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება – ხალხი მიდის საარჩევნო ყუთთან და ამ დღეს არჩევნები ჰქვია, ყველგან, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ხვალამდე გზა და საზოგადოება – საქართველო, 2021 წელი
საზოგადოება ქმნის გარემოს – ეს ფაქტია.
საზოგადოება წყვეტს ქვეყნის ბედს – ეს სასურველი და აუხდენელი ოცნებაა.
დანარჩენ მსოფლიოში, ან პოსტკომუნისტურ სივრეში არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ასეა – მონოლითური საბჭითა კავშირის „პანდორას ყუთის გახსნამ“ საზოგადოების სახე იმაზე მეტად ცუდად გამოაჩინა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს სამწუხარო მოცემულობა პრაქტიკამ ცხადჰყო და როგორც წესი, ამ საკითხზე უკვე არავინ დავობს.
არც თუ ისე შორეულ წარსულში, მაგალითად, არჩევნებისას საზოგადოების ძირითადი დანიშნულება საარჩევნო ყუთთან მისვლა და იმ ერთადერთი პარტიისთვის ხმის მიცემა იყო, რომელიც დედამიწის არც თუ ისე მცირე ნაწილზე ბატონობდა. დღეს შესაძლებელია არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, ან არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ და გადავხაზოთ ყველა პარტია, ან ხმა მივცეთ მას, ვისაც „ჩვენიანად“ ვთვლით – ეს არის ერთადერთი შედეგი, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ასე თუ ისე „ავითვისეთ“ – ესეც პრაქტიკამ ცხადჰყო.
როგორ გავიარეთ საბჭოთა კავშირის რღვევიდან 30 წელი და მეტი, ამას ოდესმე ისტორია შეაფასებს. წლების შემდეგ საქართველოს მომავალი თაობა, დღეს, ან ხვალ რომ „დაფრთიანდება“ იმედია, ობიექტურ ინფორმაციას ჩაწერს ისტორიაში – სწორედ ეს ერთი (თუნდაც ორი და ასი) ფურცელი იქნება დღევანდელი საზოგადოების განაჩენი.
ჩვენ მოვდივართ გასული საუკუნიდან.
დღეს ვამბობთ, 90-იანმა წლებმა ყველა ქარტეხილი დაგვატეხა თავს და რომ ეპოქა იყო ყველაფერში დამნაშავე. მას შემდეგ ბევრი იმედგაცრუება ვნახეთ, მაგრამ დღემდე ვერ ვისწავლეთ ჩვენი დანაშაულის, შეცდომის აღიარება და დღემდე არ ავიღეთ თავზე პასუხისმგებლობა.
სწორედ ესაა არშემდგარი საზოგადოების მთავარი ნიშანი და ერთადერთი, რაც გვაერთიანებს სახელმწიფოს „განვითარების“ ყველა ეტაპზე საზოგადოების დაპირისპირებაა – სამწუხაროა.
როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე? – ეს არის მარადიული, პასუხგაუცემელი კითხვა, სხვებისთვის მარტივი, ჩვენთვის დილემა.
ჯერ იყო და ცხვრებივით მივდიოდით საარჩევნო ყუთებთან, უმრავლესობა ტაშს რომ უკრავდა, უმცირესობას დამოუკიდებლობის და თავისუფლების სახელით „პარაშასთან“ ეძინა. ამ უმცირესობას „ექსტრემისტებს“ რომ ეძახდნენ, უმრავლესობა დუმდა. უმცირესობას რომ აკავებდნენ, უმრავლესობას მშვიდად ეძინა. ჩავატარეთ „ექსპერიმენტი“ სრულიად საბჭოეთი „დავტოვეთ“ მშიერი, გადავკეტეთ რკინიგზა ყვერლამ ნახა თავისი გზა, ჩვენ კი ისევ მტრისთვის მიყიდულმა „ბორჯომმა“ ვერ აგვაშენა. ერთ შავბნელ ღამეს დავღვარეთ სისხლი.
როგორც იქნა თავისუფალი არჩევანი გადავკეთეთ და მაშინ, როცა ჩვენი არჩევანი რუსთაველზე დახვრიტეს, იქ, სადაც თავისუფლებისათვის უმწეო ბავშვები აჩეხეს ჩვენს არჩეულ ხელისუფლებას ტყვია ვესროლეთ. არადა, ამ დაპირისპირების ორივე მხარე ჩვენ ავირჩიეთ – „მრგვალი მაგიდის“ სახელით – დაპირისპირებამდე რამდენიმე თვით ადრე, 87%-ით. ისტორიას დღემდე არ შეუფასებია, რა დაემართა საზოგადოებას, რომელმაც „მრგვალ მაგიდას“ ხმა მისცა და როცა პარტია ორად გაიყო, როგორ მოხდა რომ საზოგადოება თბილისის ქუჩებში ატეხილ სროლას, სახლის აივნებიდან ადევნებდა თვალს. როგორ მოხდა, რომ საზოგადოება მშვიდად შეხვდა პირველი თავისუფალი არჩევანის „ძელზე გაკვრას“ და როგორ მოხდა, რომ ეს „მშვიდი“, „გაწონასწორებული“ საზოგადოების ნაწილი, მოგვიანებით, სამოქალაქო ომში ჩაერთო. დღემდე მრავალუცნობიან განტოლებად რჩება, ამ მებრძოლმა საზოგადოებამ მათ არჩევანს რომ ტყვია ესროლა იმ კაცს და მის „მხედრიონს“, თუ „მდედრიონს“ არჩევნების დროს ხმათა 95%-ი როგორ ჩაუდო პარტიულ ყულაბაში. მეტიც, მოგვიანებით, „მებრძოლმა“ საზოგადოებამ „ეპოქის თეთრ მელას“ იქ, სადაც თავისუფლებისათვის შეწირული ბავშვების სისხლი დაიღვარა, კომუნიზმზე მეოცნებე იმ ცხვარივით დაუჩოქა, არჩევნებისას საარჩევნო ყუთთან წითელი ყელსახვევით „გერმანული სიზუსტით“ რომ გამოცხადდებოდა ხოლმე, ყოველ ოთხ თუ ხუთ წელიწადში – და საზოგადოებას არ შერცხვა.
ეს წარსულია.
ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, რამდენიმე წლის წინ – გამოაღეთ ფანჯრები, გარეთ 21-ე საუკუნეა.
დიახ, გარეთ 21-ე საუკუნეა და დღეს ჩვენი საზოგადოება, რომლის „ნათელი, გაბრწყინებული, ამაღლებული“ სახე წინწასულმა ტექნოლოგიებმა და სოცქსელებმა ამაზრზენამდე ღრმად დაგვანახა, ისევ იქ არის! იქ, გასულ საუკუნეში, ეპოქაში, როცა ოჯახის წევრები პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთს იყვნენ დაპირისპირებულნი. იმ ეპოქაში, როცა პოლიტიკური შეხედულებების გამო ოჯახები ინგრეოდა, ძმა ძმას ესროდა, ქალები კი ერთმანეთს „პუტავდნენ“, თუმცა არც იმ ქალების ნაკლებობას განვიცდიდით ტანკიდან ტანკში რომ იტყავებდნენ მუხლისთავებს.
გარეთ 21-ე საუკუნეა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნები წინ წავიდნენ, მხოლოდ საქართველო ტკეპნის ერთ ადგილს. მხოლოდ საქართველოს არ ეშველა და ამ ბაკქანალიის (ჩავაზუსტებ, ეს იყო რომაული ღმერთის, ბახუსის ველური და მისტიური ფესტივალი) სულისჩამდგმელი რომელიმე პარტია კი არა, თავად საზოგადოებაა.
დიახ, საზოგადოება და სხვა არავინ! აი, ის საზოგადოება ბელადში რომ ხედავს ხსნას. საზოგადოება, რომელიც ივიწყებს ისტორიას, წარსულს, აგინებს სარწმუნოებას. დიახ, „რა ერი წახდეს“ და წახდა – ეს რეალობაა, ფაქტია. დიახ, ერის იმ ნაწილმა, საზოგადოების იმ სეგმენტმა, ვისაც გადაყვლეფილი მუხლისთავების არ რცხვენია წაშალა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომლის ათვლა ზოგმა 2003 და ზოგმა 2012 წლიდან დაიწყო.
და დღეს ჩვენ ისევ ერთმანეთს ვჭამთ. ჩვენ არ შეგვიძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და მზად ვართ ყელი გამოვჭრათ მას, ვინც შეგვეწინააღმდეგება. ჩვენ პერიოდულად გვყავდნენ ბელადები, მაგრამ არასდროს „გადაჭარბებით“. დღეს „წინ ვართ“ – წელიწადში კი არა, თვეში კი არა, დღეში რამდენიმე ბელადი „გამოიჩეკება“ ხოლმე და ბედნიერები ვართ – როგორც იქნა ერმა თავის მისიას მიაგნო, ბევრი წვალებისა და დაგვის შემდეგ, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“!
ბელადების სამჭედლო დუღს და გადმოდუღს! 2 ოქტომბერს არჩევნებია, დღეს ერთმანეთის შესაჭმელად ბოლოს წინა დღეა – დასცხეთ „მაგნებს“ და სადაც ერთი ყური ვერაფერს „იმსაშობა“ „საქმეში“ ჩართეთ „ყურიებიიი“, ბევრი, ბევრი, ბევრი. ასარსალეთ ენები, „ჩაუტარეთ კარატე“ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს, გამოაღეთ ფანჯრები და „ომობანას“ თამაში გააგრძელეთ სოცქსელში – აბა თქვენ იცით.
2 ოქტომბრის გამთენიიდან „ხსნილია“. გახსოვდეთ, 2 ოქტომბერს მთლად საარჩევნო ყუთთან ნუ „გადაუხსნით ვენებს“ „მოწინააღმდეგეებს“, თქვენი „უნიკალური“ და „უნივერსალური“ არჩევანი რომ არ „ჩაფლავდეს“ ისევ…

 

www timer.ge

“თაიმერი”

წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა