ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

ხვალ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც “თაიმერს” უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ახალკაცმა განუცხადა, უშიშროების საბჭოს სხდომის განსახილველი თემაა არსებული და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას, ახალკაცის თქმით, შეტყობინება უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივ წევრს გაეგზავნა, თუმცა არანაირი პროცედურა არ ითვალისწინებს მათი მხრიდან დადასტურებას, დაესწრებიან თუ არა სხდომას.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რადგან არც ერთი მათგანი თბილისში არ იმყოფება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა პირობა დადო, რომ რუსეთის და ისლამური სახელმწიფოს ნავთობგარიგებას დაამტკიცებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება