26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ხვალ სასამართლო ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს – რა მუხლებით ედავებიან ოპოზიციონერებს?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14:00 საათზე, ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს. საქმეში არსებული ოფიციალური ბრალდებების მიხედვით, ოპოზიციონერ ლიდერებს რამდენიმე მძიმე მუხლს ედავებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი:

339-ე მუხლის მეორე ნაწილი — უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის ან ფულის გადაცემის დაპირება, რათა მან ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ იმოქმედოს ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებისგან.

317-ე მუხლი — საქვეყნოდ მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პროკურატურა მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას ედავება. გამოძიების ვერსიით, მან საქმის სრულად და ობიექტურად გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ ჩხრეკის განჩინება იყო გაცემული.

ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა), რაც სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის დედამ, მარინა კოტრიკაძემ, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებები სრულიად აბსურდულია. მისი თქმით, ხაბეიშვილი ყოველთვის კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანი გზით მოითხოვდა სამართლიან არჩევნებს, დღეს კი მას ხელისუფლების კორუფციულ სქემებში მხილების გამო „პირადი შურისძიებით“ სჯიან.

banner
წინა სტატიაში“ლევანს შეეძლო წასულიყო და თავშესაფარი მოეთხოვა… მას კორუფციის მხილებისთვის სჯიან, მაგრამ არ გატყდება!”- ხაბეიშვილის დედა
შემდეგი სტატიაგურიაში კაცი მოკლეს – შსს განცხადებას ავრცელებს