ხვალ მამუკა ხაზარაძეს დაიჭერენ

ხვალ, 12 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – ავთანდილ წერეთლის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განაჩენი გამოცხადდება. როგორც „თაიმერს“ კულუარებში ექსკლუზიურად უთხრეს, იმის ალბათობა, რომ სასამართლო მამუკა ხაზარაძეს და ასევე, ბადრი ჯაფარიძეს პატიმრობას შეუფარდებს, დიდია.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, როგორც „თაიმერს“ კულუარებში ეუბნებიან, წერეთლის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათავალისიწინებით, ის სასამართლო დარბაზს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს.

სხვათა შორის, მამუკა ხაზარაძის შესაძლო დაჭერის შესახებ ხმები ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გავრცელდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ რუსთავის ერთ-ერთ ციხეში ხაზარაძისთვის თითქოს სპეციალური საკანიც მოამზადეს, მაგრამ ხაზარაძე ამ დრომდე არ დაუჭერიათ.

მოსალოდნელი დაჭერის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე იხტიბარს არ იტეხს და თავს გამარჯვებულად აცხადებს:
„როგორადაც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო. წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა და უფრო მეტი მოტივაცია მომცა პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს, ბადრის, რა თქმა უნდა, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს არის შოუ დადგმული მის მიერ და მისი დამქაშების მიერ იმისთვის, რომ გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია. ეს არის სიღატაკე, გაჭირვება, ემიგრაცია. არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყანას ჩვენ აუცილებლად თქვენთან ერთად დავაყენებთ ფეხზე“.

ისე, ხაზარაძის დაჭერა ქვეყანაში ახალი სკანდალის საფუძველი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას მიეცემა საშუალება დასავლეთს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.

წინა სტატიაშისასამართლომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გააუქმა და იუსტიციის სამინისტრო გაამართლა | ინსპექტორის სამსახური
შემდეგი სტატიამინდა მივმართო ქართველ ხალხს: იყავით ამბიციურები და იცოდეთ, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ გადაწყვეტთ, რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანება გსურთ