“ხვალ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები”

ხვალ ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით. ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხვალინდელ არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60 %-თან იქნება მიახლოებული. ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ, დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას“, ჩვენ ქვეყანას, ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, რადგან ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სახელისუფლებო გუნდის მიერ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ოპოზიციის მხილება არაერთხელ მოხდა.

„სამი დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ოპერირებენ ასე ვთქვათ, „NGO“ ბაზარზე ე. წ. დამოუკიდებელი ექსპერტები თუ „NGO“-ები, რომლებიც აქამდე ცდილობდნენ თუმცა, ახლა ვეღარ გაბედავენ ამას, რადგან ისინი იწოდებიან სუბიექტურ დამკვირვებლებად; მათ ასე უკვე თავად დაირქვეს. შემდეგ იყო ჩვენ მიერ მტკიცებულებებით მხილებული ფეისბუქ-სისტემა, სადაც ასობით და ათასობით „ფეიქ ექაუნთი“ ჩართულია დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფებს ეკუთვნის. ამის შემდეგ იყო კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა. ამის შემდეგ, უკვე დღეს, ჩვენი მხრიდან, გახმაურებული იყო ასევე, კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც იმედი ვიქონიოთ, არ დადასტურდება. ჩვენი პრევენციული სახის განცხადებები უზრუნველყოფენ იმას, რომ ისინი წესით ამას ვეღარ გაბედავენ, მაგრამ თუ გაბედავენ, ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხი ამაზეც იქნება მყარი. როდესაც ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე, თქვენ ნახეთ, რომ არც ერთი, ჩვენ მიერ წინა დღეებში გაკეთებული განცხადება არ დარჩენილა ან მტკიცებულების ან დადასტურების გარეშე. წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა თავად აქტორების მიერ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

banner
წინა სტატიაში“ირაკლი კობახიძე, ძალიან მშვიდად, ექსცესების გარეშე ბიულეტენებით უნდა გავიტანოთ ქართული პოლიტიკიდან “
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის შენობის შტურმისთვის ემზადება