„ხუთი წუთი ავტოკრატიამდე – როგორ გადაუხვია საქართველომ დასავლური გზიდან“ – Reuters-ის სტატია

„ხუთი წუთი ავტოკრატიამდე – როგორ გადაუხვია საქართველომ დასავლური გზიდან“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გავლენიანი გამოცემა Reuters.

“საქართველო ახლა დასავლეთისგან უფრო შორსაა, ვიდრე მისი პოსტსაბჭოთა ისტორიის რომელიმე დროს, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები მოშლილია, სასამართლოები კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა”- ციტირებს ბრიუსელს გამოცემა.
Reuters-სი პოლიტიკური ლიდერების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის რვა მთავარი ლიდერიდან ყველა, ერთის გარდა, ციხეში, დევნილობაშია ან სისხლის სამართლის ბრალდებები ემუქრება.

ამასთან, გამოცემის თქმით, მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ჯგუფის სრულად აკრძალვას ისახავს მიზნად.

„ერთპარტიულ მმართველობაზე გადასვლამ ბევრი შოკში ჩააგდო პატარა სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში საქართველო სწრაფად მზარდი დემოკრატიის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთის ორბიტიდან გამოსვლისკენ მიისწრაფოდა. თუმცა, ბრიუსელის შეფასების თანახმად, ის ახლა დასავლეთისგან უფრო შორსაა, ვიდრე პოსტსაბჭოთა ისტორიის რომელიმე დროს. ბრიუსელის შეფასებით, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები მოშლილია, სასამართლოები კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა. ევროკავშირმა ანგარიშში განაცხადა, რომ საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩმა თბილისში განაცხადა, რომ საქართველო საერთოდ აღარ დგას ბლოკში გაწევრიანების გზაზე“, – წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული პოლიტიკისა და დიპლომატიის ვეტერანებმა, რომლებიც Reuters-ს ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებზე ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ როგორც ჩანს, საქართველო იმ ზღვართან ახლოსაა, რომლის იქითაც დემოკრატიისთვის აღდგენა რთული იქნება.

„ჩვენ ახლა ხუთი წუთი გვაშორებს ერთპარტიულ დიქტატურას“, – ციტირებს სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს სერგი კაპანაძეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპონენტები ავტორიტარული ცვლილების ავტორად „ქართული ოცნების“ მილიარდერ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ.

Reuters-ი წერს, რომ საქართველო ამჟამად ნავთობის დაახლოებით 45%-ის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2012 წელს მხოლოდ 8%-ი იყო.

გამოცემა წერს, რომ პარლამენტის წინ ღამის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე განხორციელებული დაპატიმრებები პოლიტიკურ აქტივისტებს შიშის და სასოწარკვეთის მდგომარეობაში აყენებს. ათობით ადამიანი ციხეში იმყოფება ან გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმდა.

„საქართველო უბრალოდ გაქრა არა მხოლოდ ევროპული მაგიდიდან, არამედ გლობალური სცენიდანაც. ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს გამოცემასთან „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, გრიგოლ გეგელია.

banner
წინა სტატიაშიისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით – საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვს