ყურადღება, ლაპარაკობს შავი ბერი-როგორ გაიყიდა დავით გარეჯი?!

ინტერვიუ, რომელსაც არ სჭირდება არც პროლოგი და არც ეპილოგი.
ყურადღება, ლაპარაკობს შავი ბერი!

„თაიმერი“ აგრძელებს დავით-გარეჯის მონასტრის ბერთან, მამა კირიონთან ინტერვიუს:
_ ახლა მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი, პროექტის ფარგლებში, უდაბნოში, გაკეთდა გზა, წყალი. ჩვენ, მონასტერში მცხოვრები ბერები, არა ვართ წუწუნა ხალხი. 20 წლის წინ გარეჯში რომ დავმკვიდრდით, სამ კელიას ჰქონდა ფანჯარა და ორ კელიას კარი. შლამი, ჭუჭყი, ბალახი და სარეველას მეტი არაფერი იყო, მაგრამ არ მოვსულვარ მონასტერში იმ პირობით, რომ აი, მთავრობავ, ხელები დაიკაპიწე და გააკეთე საქმე. მე აქ მოვედი, აქაურობის სიყვარულით. ამიტომ, ჩემს ბუნებაში არ დევს მოვითხოვო წყალი, გზა, დენი. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და უნდა გააკეთოს, მაგრამ იყო დრო როცა არ აკეთებდნენ. ახლა რომ აკეთებენ ეს კარგია!
კარგია, რომ სახელმწიფო იღებს გარკვეულ პოლიტიკურ ნებას, რათა რეგიონში, ამ შემთხვევაში, კახეთში, მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა, დიდი პრობლემა იყო გზა, წყალი და შუქი. ხედავთ შუქი არის, გზას რომ აკეთებენ ნახეთ, წყალი მოდის. ალბათ, იკითხავთ – არის თუ არა, ეს ყველაფერი წესიერად გაკეთებული. გზა კეთების პროცესშია, შუქი არის, წყალიც.
_ ხელოსანი მუდმივად თუ არ გააკონტროლე, ძნელია წესიერად გააკეთოს საქმე, ეს პრაქტიკამ ცხადყო, შეუძლებელია ერთხელ გაკეთებული მეორედ გასაკეთებელი არ გახდეს.
_ კი, ბუნებაა ასეთი. 20 წელია აქ ვცხოვრობთ და სულ რაღაცას ვაშენებთ, ასე თუ ისე სამშენებლო გამოცდილება გვაქვს, ამიტომ, როცა დაიწყეს, მაგალითად, წყლის გაკეთება, თავზე ვადექით, საბოლოო ჯამში მართლა კარგად გაკეთდა .
მაღალი სტანდარტით – წყალი მოდის თვითდინებით, გამართულად. დენის და წყლის კომუნიკაციები მართლა კარგად გაკეთდა და კარგი გულშემატკივრებიც გვყავდა: ხვიჩა ფირცხელანი, კახა ღლონტი, ლექსო იოსელიანი, გიორგი კობერიძე, რომელი ერთი ჩამოვთვალო… აქ უამრავი ტურისტი მოდის, გარეჯი ჩვენია და აღქმა არა გვაქვს თორემ, ერთი საბას ლავრაა იერუსალიმში და მეორე გარეჯია თავისი სილამაზით.


_ მერცხლის ბუდესავითაა უდაბნოში.
_ დიახ, ვიდრე გალავანში არ შემოვა ადამიანი, მანამ ვერ აღიქვამს ტაძარს, მაგრამ როცა შემოდიან, არის შოკი. ეს არის ერის ღირსება, ჩვენი წინაპარი აი, ამ გემოვნებას ქმნიდა უდაბნოში. ჩვენ ბარბაროსი ერი არ ვიყავით, ჩვენ დიდი კულტურის ერი ვართ! ამ კულტურის ერი თავდახრილი არ უნდა იყოს. მდიდარი კულტურა საშუალებას გვაძლევს ერს დაცემული ფსიქოლოგია არ ჰქონდეს. კი, ტერიტორიები წაგვართვეს, მაგრამ მაინც გამართული ვართ, ძალიან კულტურული ერი ვართ და იმიტომ. ჯავახიშვილი ამბობს – რომელ ერსაც არა აქვს ისტორია, მიეცით გარეჯი და არათუ ისტორია ექნებათ, არამედ, დიდებული ისტორია ექნებათ. დიახ, ეს ასეა, აქ ყველაფერია, დაწყებული რკინის დნობიდან დამთავრებული წარწერა, ფერწერა, კლდეში კვეთით და ა.შ.
_ კლდეზე კელიები რომ არის, აღადგინეს?
_ არა, რადგან არის მოუგვარებელი პრობლემა. კომუნისტების დროს დაიწყეს გზის გაკეთება, იქ უნდა ევლო ურიკას, რომელიც 200 კილო ტვირთს აიტანდა მაღლა, მაგრამ ვერ დასრულდა. დღეს გაკეთების კი არის სურვილი, მაგრამ, ვინაიდან, ჯერ კიდევ გადაუჭრელია ტერიტორიის საკითხი, ვერ კეთდება. კი, ჩვენ ავდივართ, დავდივართ იქ, მაგრამ მაინც სადავო ზონად ითვლება – არც აზერბაიჯანშია და არც საქართველოში. იქ რომ დაიწყო მშენებლობა წამოვა აგრესია და მდგომარეობას დაძაბავს. ამიტომ უნდა გამიჯნონ საზღვრები…
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, საზღვრის გამიჯვნა ასე ადვილია?
_ ვფიქრობ, ძალიან ადვილია. ყველა დოკუმენტი გვაქვს რაც საჭიროა, მე მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე დავამტკიცე დოკუმენტებით რომ ეს ტერიტორია ქართულია. დოკუმენტაციის სრული პაკეტი გაგვაჩნია, იურიდიული და ტოპოგრაფიული ბაზით, მთლიანად ჩვენია ეს ტერიტორიები. კიდევ ვამბობ, საჭიროა ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე და გააკეთებს.
_ ანუ ნება არის , მაგრამ არის შიში?
_ ძალიან გვინდა იყოს ტაო-კლარჯეთი ისევ ჩვენი, მაგრამ არის თურქეთის. თურქეთს ვერ მოერევი, მაგრამ აზერბაიჯანი რა ასეთი ძლიერია, არ ვიცი. თუ ჩვენთან არ შემოვა აზერბაიჯანული გაზი, დაქცეულია მაშინ აზერბაიჯანი, იმიტომ რომ მას არ ჰყავს პატრნიორი, ვერსად გაიტანს ჩვენს გარდა.


_ ერი დაზაფრულია, გაზი აზერბაიჯანმა რომ არ მოგვაწოდოს, დავიღუპებითო.
_ პოლიტიკურ ჭრილში ასეთი აზროვნება ისევ ხელისუფლების ბრალია, ხელისუფლებამ რუსეთთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მუშაობდა, გახსოვთ ალბათ. ჩვენთვის ეს ალტერნატიული გაზია, რითაც „სოკარს“ ეუბნები – თუ არ მოიქცევი ჭკუით, მირჩევნია გადავიხადო 5 დოლარით მეტი, მაგრამ ჩემი ეროვნული ღირსებები არ დაგითმო. „სოკარიც“ მიხვდება – თუ არ დავალაგებ საკითხს, გაზს ვერ გავყიდი.
რატომ ირჯება ასე აზერბაიჯანი? ესენი არიან ადამიანები, რომელთაც იშოვეს ფული, გამდიდრდნენ. როცა ადამიანები მდიდრდებიან, უჩნდებათ სურვილი შექმნან ლეგენდა, ამიტომ იყიდეს ძველი სურათები, მიაწერეს რომ ეს მათი წინაპრები არიან. აზერბაიჯანი ამბობს, მე მომთაბარე ტომი კი არა ვარ, ამ ტერიტორიაზე შემთხვევით მოსული და განვითარებული, ალბანელები იყვნენ ჩემი წინაპრები, ალბანელების კულტურა მაქვს, მეც ქრისტიანი ვიყავი, კულტურას ვქმნიდი, გარეჯი არის ჩემი კულტურა და არა ქართველების. გესმით რაზეა საუბარი? აზერბაიჯანს სჭირდება კულტურა, იმიტომ რომ განჯის მეტი თითქმის არაფერი აქვს და, რაც აქვს ირანელების აშენებულია. ამიტომ უნდა გარეჯის წაღება. როგორც ჯანმრთელი ადამიანი თავის ჯანმრთელობის სიკეთეს ვერ ხვდება, ვიდრე არ დაავადდება, ისე ვართ ჩვენც, ვერ ვხდებით რა სიმდიდრის მფლობელები ვართ.


_ რუსეთმა ძალიან დიდი ტერიტორია წაგვართვა. ევროპის ერთ-ერთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსულ გაზზე, მოსახლეობამ კი განაცხადა, რომ გვირჩევნია გაზში გადავიხადოთ იმაზე მეტი რასაც რუსეთს ვუხდით და ვიყოთ ამ მხრივ რუსეთისაგან დამოუკიდებელი. მითუმეტეს, რომ რუსეთი არაა საიმედო პარტნიორი.
_ რუსეთი საიმედო პარტნიორი არავისთვის არაა, მას გააჩნია რუსული ინტერესები, მაგრამ მოდით ახლა ასე ვთქვათ – აზერბაიჯანს არა აქვს ინტერესები? აზერბაიჯანი არ გეუბნება დათმე უდაბნო, დათმე ტერიტორიები? 5700 ჰექტარი მიწა წაიღო აზერბაიჯანმა საქართველოსაგან, მიიტაცა. დიახ, 5700 ჰექტარი! ცოტაა?! ღარიბაშვილი იყო პრემიერი ეს რომ ვუთხარი, სასწაულს მეუბნები, მამაოო, ვერ დაიჯერა. მაგრამ როცა გადაამოწმეს, მიხვდნენ რომ ეს იყო სიმართლე.
_ ძალიან ცუდია.
_ დიახ, ძალიან ცუდია, ხელშეკრულება დელიმიტაციის დონეზე მუშა კომისიის დონეზეა ხელმოწერილი. მიწას დელიმიტაცია, დემარკაცია და ბოლოს რატიფიკაცია უნდა, არ არის 5700 ჰექტარი პაკეტში ისე შეფუთული, პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, რომ ვერ დავიბრუნოთ, მაგრამ… 2012 წლამდე აქ მუშაობდა ჯგუფი, მათ აზერბაიჯანს ხელი მოუწერეს ტერიტორიებზე, რომელიც დოკუმენტაციით ჩვენი იყო და არის, მაგრამ იმის გამო, რომ აზერბაიჯანიდან გაზს ვყიდულობთ, მისცეს. ჰოდა, გეკითხებით მე თქვენ – თუ რუსეთს აქვს ინტერესი, აზერბაიჯანს არ გააჩნია? სახელმწიფოს ვალდებულება რა არის? ითამაშოს ინტერესებით.
_ მიწის ასე გაჩუქება სახელმწიფოს ღალატია.
_ აბა რა არის? აქ რომ ამოდით პატარძეული ხომ გამოიარეთ? იცით იქ რა ხდება? უზარმაზარი ტერიტორია აქვს „სოკარს“ შესყიდული. პატარძეულში ამოსული გაზი იწვება ჰაერში, სოფელს კი გაზი არა აქვს, ერის ღალატზე თუ ვსაუბრობთ, ეს ერის ღალატია! ქართულ სოფელს ბუნებრივად აქვს გაზი, მაგრამ მოსახლეობას არ მიეწოდება, სოფელს გაზი არა აქვს იმიტომ რომ „სოკარს“ აქვს შესყიდული საბადო და არ აწყობს სოფელს გაზი ჰქონდეს. ჩვენ, ქართველებმა დღემდე ვერ ვისწავლეთ ჩვენი ეროვნული ღირსების, საგანძურის დაცვა.
_ ახლა ჩემთვის გასაგებია, რატომ არის დღეს მხოლოდ მცოცავ ოკუპაციაზე საუბარი და რატომ არავინ ახსენებს უდაბნოს, გარეჯს.
_ ყველაფერი არის აწონ-დაწონვითი. რადიკალურად საუბარი რუსეთთან არაფერს მოგვიტანს, ჩვენ კი არა ამერიკა ვერ ერევა ხომ ხედავთ? მაგრამ აზერბაიჯანიც რუსული დათვი ხომ არ არის? რატომ არავინ იღებს ხმას? მაშინ გამოვიდეს ხელისუფლება და თქვას, რომ ჩვენ ვართ დაცემული ქვეყანა, რომელსაც ხმა არ ამოგვერება არავისთან, აზერბაიჯანი იქნება ეს, სომხეთი, თუ სხვა. არც თუ ისე იაფად ვყიდულობთ აზერბაიჯანისაგან გაზს და თან ტერიტორიებს ვჩუქნით.
_ „მშვენიერი“ ვაჭრობაა, რაღაც ახალი სიტყვა ამ სფეროში.
_ როგორც ვიცი, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ისეთი ხელშეკრულებები იქნა გაფორმებული, რომ დღეს მთავრობა წინ ვერ წავა, ვერაფერს შეცვლის, ხელშეკრულებებია ისეთი გაფორმებული, რასაც ღალატი, ერის გაყიდვა ჰქვია! თუმცა, თუ იქნება ნება, ალბათ ყველაფერს მოევლება, მაგრამ ნება არ არის, სამწუხაროდ.
_ მახსოვს რომ აზერბაიჯანელებს აქ ჩამოსახლების სურვილი ჰქონდათ.
_ სურვილი კი არა ჩამოვიდნენ, მაგრამ სვანები ისე „ტკბილად“ შეხვდნენ, ნახევარ საათში გაიქცნენ. არადა, მოვიდნენ იმისათვის, რომ აქ დარჩენილიყვნენ. 6 მაისს, გიორგობას, მოვიდნენ აზერბაიჯანელები. სიმბოლურია ხომ? შემთხვევით არაფერი ხდება, გამიზნულად დადგნენ 6 მაისს, გიორგობას, უდაბნოში და განაცხადეს – ჩვენია ეს ტერიტორია.


_ მებძორლი წმ. გიორგი, თავისუფალი ნება.
_ დიახ და თითქოს სულში ჩაგვაფურთხეს და გვითხრეს – აი, დავდექი და ფეხსაც არ მოვიცვლი, გაგყრით აქედან. როცა ეს პრობლემა დაიწყო, მაშინ ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და განაცხადა რომ თურმე საუბარი იყო ერთ-ორ მცირე შენობაზე.
_ მაპატიეთ შეგაწყვეტინებთ, მომზადებული მოვედი, ამიტომ მინდა წაგიკითხოთ ის კომენტარები, რაც იმხანად გაკეთდა ჩინოსნების მხრიდან. ნიკა რურუა: „დავით-გარეჯთან დაკავშირებით ნებისმიერი მწვავე განცხადება მხოლოდ ამძიმებს საქმის მდგომარეობას და შესაბამისად, ხმაურიანი განცხადებების გაკეთებისგან ყველას თავის შეკავებას ვურჩევ“ დავით – გარეჯის საკითხი 20 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოს ნატოს სამიტზე განიხილება, სადაც, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. „მონასტერი აზერბაიჯანის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვრების დადგენის პროცესში მოექცა. ეს არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმები და ჩვენ ამას ვერ შევცვლით“; „ვცდილობთ მოლაპარაკებების შედაგად პრობლემის ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტას, რათა მონასტერი ყველასთვის ხელისაწვდომი იყოს. რაც შეეხება მონასტრის კუთვნილებას, სასურველი იქნებოდა ეს ამბავი ისე გადაწყვეტილიყო, როგორც ჩვენთვის იქნებოდა მისაღები, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის“; “ამაზე ამ წუთას საგარეო უწყება მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმსვლელს ექნება ლოცვის და მონახულების უფლება. რაც შეეხება თვითონ კუთვნილებას, დღეს ეს ტერიტორია გამომდინარე საზღვრების დანაწილებიდან, რომელიც საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ მოხდა, არის აზერბაინაჯის ტერიტორიაზე. მაგრამ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ ხელმძღვანელობასთან იმაზე, რომ რამენაირად ეს ტერიტორია ხელმისაწვდომი იყოს, საქართველოს მხრიდან ყველა გადამსვლელისათვის“. ნინო კალანდაძე: „ორივე მხარის ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა და დელიმიტაციის საკითხები გადაიჭრას. თუმცა, ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც საუბარი ახლა მიდის, სადავო არ არის და ის აზერბაიჯანის საკუთრებაა“. ასევე მინდა წაგიკითხოთ არქივიდან ერთი ამონარიდი: „ბოკერიამ „უმწიფარი და უპასუხისმგებლო“ უწოდა უკანასკნელ დღეებში დავით გარეჯთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს. “შეიძლება, რიგ შემთხვებში, გულწრფელი არაინფორმირებულობის, ზოგ შემთხვევაში კი – საუბარი მაქვს პოლიტიკოსებზე, ინფორმირებულ ადამიანებსა და ცნობილ ადამიანებზე – ეს იყო მიზანმიმართული ზიანის მიყენების მცდელობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ. მისი თქმით, როცა საქმე ეხება რუსეთის მტრულ სახელმწიფოს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი და ილორის ტაძარს ისტორიულ სახეს უცვლის ან სასულიერო პირებს აკავებს, მაშინ იგივე პირებისგან „არ მახსოვს ხოლმე ასეთი გაბედული ყიჟინა და დემონსტრაციები. როდესაც მეგობრულ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზეა საუბარი, ლამის ომის გამოცხადებისკენ მოგვიწოდბენენ ამ დღეების განმავლობაში და მოითხოვდნენ აგრესიულ პოლიტიკას”. ეს არ არის ყველაფერი, მაგრამ ძირითადი შტრიხი გამოკვეთილია, ამიტომ ციტატებს აღარ წავიკითხავ. მე, პირადად, ძალიან კარგად მახსოვს ისიც, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ერთად ქართველი მესაზღვრეებიც უკეტავდნენ გზას არა მხოლოდ ტურისტებს, მომლოცველებსაც და თქვენც, აქ მოღვაწე ბერებს.
_ დიახ, ასე იყო. იმ დონეზე უმეცარი იყო ხელისუფლება, თავისი ისტორიული წარსული იმდენად არ იცოდნენ, რომ მაღლა არსებული ტაძრები, ორი კელია ეგონათ.
_ და, ეგებ სპეციალურად განაცხადეს ასე?
_ დიახ, მაგრამ არც ცოდნით იცოდნენ. უძველესი კელიებია აქ, ხომ შეიძლება არ წაგიკითხავს, არ გინახავს? შეიძლება, მაგრამ ახლა როცა ხელისუფალი ხარ, შენ თუ არ მოხვალ, გამოუშვი შენი თანამშრომელი, ნახოს, გადაიღოს, ამბავს ხომ ჩამოგიტანს? მაგრამ არც აინტერესებდათ, იმიტომ რომ, მათი სურვილი იყო ის ხელშეკრულებები, რაც აზერბაიჯანთან დადეს და რომლის გაუქმებაც ვერა და ვერ ხერხდება. ძალიან ძნელი იყო უდაბნოში, არ იყო დენი, არ იყო წყალი, არ იყო გზა და ყველაფრის მიუხედავად, მთელი სოფელი აქ მოვიდა, მოვიდა უამრავი ადამიანი, ფეხით მოდიოდნენ თბილისიდან, აქციები მოეწყო, პრესა ახმაურდა და ხელისუფლებამ უკან დაიხია, მიხვდნენ რომ წააგებდნენ. სააკაშვილი და ალიევი როცა შეხვდნენ ერთმანეთს სამიტზე, აი, იქ თქვეს, არ გამოდის არაფერი და დავიშალოთ. აზერბაიჯანი დაუბრუნდა თავის პოზიციას და ჩვენ ავედით მაღლა. ჩვენივე მესაზღვრეები არ გვიშვებდნენ მაღლა, ავტომატს გვიშვერდნენ არ ამოხვიდეთო.


_ რა სირცხვილია.

_ კაი, აზერბაიჯანელი მოვიდა და უნდა წაიღოს, დააყენა მესაზღვრე, შენ რომ ქართველი ხარ, ამას როგორ აკეთებ? მტრის მხარეს როგორ ხარ და რატომ ხარ აგრესიული შენი ქვეყნის წინააღმდეგ?
_ უბრძანეს.
_ დიახ და გამალებით ცდილობდნენ როგორმე აზერბაიჯანს წაეღო მონასტერი უდაბნო და ჩვენ იქ არ ავსულიყავით, ანუ, ყველაფერი რაც მაშინ მოხდა ხელისუფლების ნება იყო! ახლა აღარაა ასე დაძაბული მდგომარეობა, მაგრამ რაც არაფერი იძვრის, ნება შეიძლება არის მაგრამ მონდომებაა საჭირო, მონდომება და გადაწყვეტილების მიღების სურვილი.

 

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: ფაცაციასგან განსხვავებით 9 წელი შამათავა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა
შემდეგი სტატიაკულახმეტოვის დანიშვნა განაპირობა საგზაო რუკის სერიოზულმა გადახვევამ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კერძოდ კი, სააკაშვილმა ჩაიდინა