ხუნდაძე – სტატუსის მონიჭების ალბათობა ახლა უკვე 60/40-ზეა, რეზოლუცია ბევრი ევროპარლამენტარისთვისაც კი გამაღიზიანებელი იყო, რადგან ევროპა ღირებულებებს სცემს პატივს

ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელების განცხადებების შემდეგ, მოლოდინები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით დადებითად არის შეცვლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მონიჭების მოლოდინებს და აღნიშნა, რომ მანამდე ალბათობა თუ იყო 50/50, დღეს უკვე დადებითი მოლოდინი ჭარბობს და 60/40 -ზეა.

დეპუტატის აზრით, ეს გამოწვეულია ხელისუფლების ღირსეული ქმედებით და უსამართლო რეზოლუციის მიუღებლობით.

„ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსების და ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელების განცხადებების შემდეგ, მოლოდინები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით დადებითად არის შეცვლილი. დღეს მსოფლიო გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, ძნელია წინასწარ განსაზღვრო, ზუსტად რა პასუხი იქნება სამივე სახელმწიფოს მიმართ, რადგან ვხედავთ, რომ უკრაინის შესახებ ზოგი ქვეყანა მოზომილ, მაგრამ გასაგებ მესიჯებს აგზავნის.

რაც შეეხება საქართველოს, რაც ტექსტებიც არ უნდა აგზავნოს ევროპაში ოპოზიციამ, ფაქტია, რომ ევროპის მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი აალაპარაკეს. ბევრს ავიწყდება, რომ ევროპული პოლიტიკური ანალიზი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა და დღევანდელ გეოპოლიტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რეალობა კი ის არის, რომ საქართველო ამ სამეულში მოწინავე ადგილზეა, თუმცა, ევროპისკენ სავალ გზაზე კიდევ ბევრი რომ არის გასაკეთებელი, ეს ყველამ ვიცით.

ზუსტად მჯერა, რომ ევროპა ხვალ არ დაუშვებს კიდევ ერთ შეცდომას 2008 წლის შემდეგ და საქართველოს არ დაუტოვებს რუსეთს ასპარეზად. რაც შეეხება ვალდებულებებს, რომელსაც დაგვაკისრებენ, ეს ვალდებულება გვაკისრია უკვე ბოლო 30 წელია, რაც ევროპისკენ სვლა დავიწყეთ და განვაგრძობთ ბოლომდე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ განაცხადი შეგვქონდა 2024 წელს და მანამდე კიდევ ბევრი რეფორმა უნდა გაგვეტარებინა.

ამ რთულ, გლობალური პოლიტიკის ახალ რეალობაში ფაქტია, ეს იქნება ისტორიული მომენტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსული მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების პროცედურას დაიწყებს
შემდეგი სტატიაალიევი – ეუთო-ს მანდატით მოქმედმა „მინსკის ჯგუფმა“ 28 წელია, შედეგს ვერ მიაღწია, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა, ამ ფორმატის საჭიროება აღარ არის