ხუნდაძე – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ ეს მისი ქმედებიდან გამომდინარეა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, საბედნიეროდ, მდგომარეობა არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით სერგეენკოსთან ერთად ის იმყოფებოდა იუსტიციის სამინისტროში, შეხვდნენ იუსტიციის მინისტრს, ასევე სასჯელაღასრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, ექიმებს, ვისგანაც მიიღეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“პოლიტიკური მიზნებისთვის, გარკვეული სცენების გამართვისთვის ჩვენი მიწვევა აზრს მოკლებულია. ჩვენ ვიყავით გუშინ იმ მისამართზე, სადაც საჭირო იყო და მეტ ინფორმაციას მივიღებდით, მოვიკითხეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის საყურადღებო, მაგრამ ეს ძირითადად მისი ქმედებიდან გამომდინარეა – ის ყველა საჭირო სერვისს იღებს და მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული.

მედიცინაში გარანტია უბრალოდ არ არსებობს. ყველას მხრიდან, გუნდის, პასუხისმგებელი პირებისგან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამას სამწუხაროდ, არ აკეთებს თავად მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მიზნების გამო”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ეტაპზე მისი კლინიკაში გადაყვანის პროცესში მათ მიიღეს აქტიური მონაწილეობა და თუ საჭირო იქნება, ჩართულობა ისევ იქნება, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მისი მდგომარეობა იყო უარესი ვიდრე დღეს არის.

“მაშინ მოვინახულეთ არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ექიმებთან, მის პირად ექიმთან, ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან ერთად. მისი მდგომარეობა იყო უარესი ვიდრე დღეს არის, სწორედ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაგვეყვანა კლინიკაში, მაგრამ ამის საჭიროება დღეს არ არ არსებობს. საჭიროების სწორედ განსაზღვრისთვის საჭიროა ექიმებმა ისაუბრონ და არა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ ქვიშის საათია ჩართული მისი ჯანმრთელობის საზიანოდ თუ უცხოეთშია გადასაყვანი,”- განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში პრორუსი უკრაინელი ბლოგერი, ანატოლი შარი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება – „გარბენი უკრაინისთვის“ – გაიმართება