ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული და თურქული ვერტმფრენები ჩაერთვებიან

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული და თურქული ვერტმფრენები ჩაერთვებიან. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ხულოში ქართულ ვერტმფრენს დაახლოებით ერთ საათში ელოდებიან.

რაც შეეხება თურქულ ვერტმფრენს, ის საქართველოში დღის მეორე ნახევარში ჩამოფრინდება და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთვება.

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 500-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული, მიუვალ ადგილებში კი გზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

“დღეს, დილის 06:00 საათიდან სამუშაოები განახლდა. სამაშველო სამსახურები სრულად არიან მობილიზებული. გუშინვე, ოთხივე ლოკაციის იდენტიფიცირება მოხდა. ღამით ქარი არ იყო და დღეს მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. დღეს კარგი ამინდია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ხანძარს. ღამის განმავლობაში რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა ამოვიდა და მისი მეშვეობით ახალი გზები გაგვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახანძრო მანქანები გაივლის და მეხანძრეებს ექნებათ საშუალება, რომ ტექნიკით ჩააქრონ ცეცხლი.

რაც შეეხება ავიაციას, ცოტა ხანში ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება. გუშინ საღამოს თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები შედგა და გიდასტურებთ, რომ დღის მეორე ნახევარში თურქული ვერტმფრენი ბათუმში ჩამოფრინდება და შესაბამისად მთაში ამოვა. ადგილზე ორი ვერტმფრენი იმუშავებს”,- განაცხადა პატარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი – დღის ბოლომდე კახეთში და თუშეთის ყველა ლოკაციაზე სიტუაციის გაუმჯობესებას ველოდებით
შემდეგი სტატიაბელორუსის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები დაისახა