ხულორდავა: მეორედ დადებული პირობის არშესრულება ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ხულორდავას თქმით, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უნდა შეიტანოს და სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად მისი მიღება შესაძლებელი იქნება.

ხულორდავამ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ სურს საკონსიტუტიციო ცვლილებებით მთავრობამ ქულები დაიწეროს.

“არანაირი საბაბით არ შეიძლება უარის თქმა შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქართულ ოცნებას ცვლილებები ხელს ნამდვილად არ აძლევს, მით უფრო ახლა, როცა კრიზისის პერიოდში შეძლო ძალების აღდგენა. ოპოზიციის ნაწილსაც თავისი მოტივები აქვს: მათი მიზანი ხელისუფლების სრული საერთაშორისო დისკრედიტაციაა. მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ ქართულმა ოცნებამ ქულების დაწერა შეძლოს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით. და რა გამოდის, ისევ ორი ჯგუფის ინტერესს უნდა გადაყვეს ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების შანსი…

ქართულმა ოცნებამ უნდა შემოიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში და ხმა უნდა მისცეს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ქართული ოცნების სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება, ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპოზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონა ვირუსით დაჩრდილავენ. პირობის მეორედ არ-შესრულება არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის და არა განვითარების გზა. და ეს სულაც არ მახარებს”,- წერს ის.

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. თალაკვაძემ დიპლომატებს მიმართა, განმარტონ შეთანხმების შინაარსი.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ელჩების განცხადებამ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სივრცე მოსპო
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება – ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი