ხულორდავა ბოკერიას: მე ხომ არ გიშლიდით ხელს, სულ მძაბავთ თქვენი აქტიურობით

თამარ ხულორდავას თქმით, ევროპული საქართველოს დადგენილების პროექტი, რომელიც მთავრობას ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს, რათა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესდეს, დამატებითი დაბრკოლება იქნება “აგრესიულ მეზობელთან ურთიერთობის ბეწვის ხიდზე”.

ხულორდავამ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სერგი კაპანაძემ დადგენილება წარადგინა, გიგა ბოკერიას კითხვების პასუხად თქვა:

“ჩვენი საზოგადოების ინტერესი გახლავთ შემდგომი პროგრესი და განვითარება. სწორედ ეს პროგრესი და განვითარება არის ის წინაპირობა, რომელიც შეიძლება გახდეს და აუცილებლად გახდება გარანტი ჩვენი, მათ შორის, საგარეო მისწრაფებები განხორციელების.

ამ გზაზე ჩვენ ისედაც დავდივართ ბეწვის ხიდზე ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ საჭირო არ არის. ეს არის ჩვენი ცივილიზებული პოზიცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ასევე ცივილიზებულად მიიღებს ჩვენი ოპოზიცია. იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები, პოლიტიკური ნაბიჯები შედეგს არ მოგვიტანს და იქნება მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის განცხადება. ჩვენ გვირჩევნია ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირება მოვახდინოთ შედეგებზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს კონკრეტული ფასი იმ აგრესული ქმედებებისთვის, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს და ეს ფასი არ გადაიხადოს ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ”.

ხულორდავას განცხადების პარალელურად ბოკერიამ გამორთულ მიკროფონთან რამდენიმე კითხვა დასვა, რის პასუხადაც ხულორდავამ თქვა, რომ იძაბება. ამასთან, დამატებითი სპეკულაციები საჭირო არ არის.

“მე ხომ არ გიშლიდითი ხელს, სულ მძაბავთ თქვენი აქტიურობით, დამაცადეთ რომ ვთქვა ჩემი პოზიცია. დამატებითი სპეკულაციები საჭირო ნამდვილად არ არის, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას, საქმეს, საქმის კეთებაში კი ვგულისხმობ უამრავ რამეს, მაგრამ ერთი კონკრეტული რომ გითხრათ, ჩვენი ინიციატივა, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხს ეხმიანება, არის ის, რომ ჩვენ მივმართეთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური მოსმენა და დებატები გაიმართოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების საკითხებზე. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ თქვენი პარტიული ხაზით დაგვეხმარებით ამით ბოლომდე მიყვანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვროს კიდევ უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ის არის”, – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა. .

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია- ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს სულ უფრო მეტ შედეგს მოუტანს
შემდეგი სტატია,,უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში”