გადადგამს თუ არა „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ სარისკო ნაბიჯს საერთაშორისო სანქციების ფონზე – ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერაში რუსული ნავთობგიგანტი „რუსნეფტი“ ამხილა და სანქციები დაუწესა. საუბარია იმ კომპანიაზე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით ორი თვის წინ, ნოვოროსიისკის პორტიდან საქართველოში 100 000 ტონაზე მეტი ციმბირის ნავთობი შემოიტანა და ყულევის ნავთობტერმინალში განათავსა.
მიუხედავად ბრიტანეთის მკაფიო გადაწყვეტილებისა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, აპირებს თუ არა ივანიშვილის ხელისუფლება სანქციების სრულად აღსრულებას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომელსაც სანქციების აღსრულების პირდაპირი ვალდებულება ეკისრება, კომენტარს არ აკეთებს, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვერ ან არ პასუხობენ მთავარ კითხვას – გაგრძელდება თუ არა თანამშრომლობა სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან.
პასუხისმგებლობის არიდების ფონზე, ექსპერტები რეალურ საფრთხეებზე მიუთითებენ. მათი შეფასებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შესაძლოა გახდეს სანქციების გვერდის ავლის სქემის ნაწილი. ერთ-ერთ ვერსიად სახელდება მოდელი, რომლის მიხედვითაც, რუსული ნავთობი საქართველოში შემოდის, ნაწილობრივ მუშავდება და შემდგომ დასავლურ ბაზრებზე საქართველოს სახელით გადის, რუსეთის წარმომავლობის კვალის მინიმიზაციით.
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ყულევის პროექტში სახელმწიფოსა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ფიგურირებს, რაც შესაძლო სანქციების რისკების მასშტაბს კიდევ უფრო ზრდის, არა მხოლოდ კერძო კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.


















