კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (Black Sea Petroleum) აცხადებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებას სრულად შეწყვეტს. კომპანიის განმარტებით, ეს ნაბიჯი ქარხნის მიერ წარმოებულ პროდუქციას გზას გაუხსნის საერთაშორისო, მაღალმარჟიანი ბაზრებისკენ.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის გარშემო არსებულ პროცესებს. თავდაპირველად ყულევის პორტი, რუსული ნავთობის გადამუშავების გამო, სანქციების სამიზნე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ და ოპერატორმა „პოზიტიური ვალდებულებები“ აიღეს, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა დაადასტურა ობიექტის სანქციების სიიდან ამოღება.
კომპანია განაგრძობს განვითარებას სტრატეგიული გეგმის მიხედვით:
„მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებს სრულიად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას… „ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს ქარხნის განვითარებას სტრატეგიული გეგმის შესაბამისად და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“.
ცნობისთვის, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (რომელიც არ უნდა აგვერიოს „სოკარის“ კუთვნილ ნავთობტერმინალში) ახლაც მშენებლობის ეტაპზეა. მისი ძირითადი აქციონერი დიზაინერ მაკა ასათიანის კომპანია შპს „მკ კაპიტალია“, რომელიც „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილის 70.66%-ს ფლობს.















