პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილ წლიურ ანგარიშსა და დასახელებულ ეკონომიკურ პარამეტრებს პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მანიპულაციად აფასებს. მისი თქმით, პრემიერს სფეროს კომპეტენცია არ გააჩნია.
„პირველი, რაც უნდა გითხრათ, ის არის რომ პრემიერს წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკურ პროცესზე. საერთოდ, ეკონომიკა რა არის არ ესმის, შესაბამისად, რაც დაუწერეს, ის წაიკითხა. მე არა მგონია, მას შინაარსობრივად ესმოდეს რაც წაიკითხა. ასეთია მისი კომპეტენცია ეკონომიკის სფეროში. რაც შეეხება მის მიერ დასახელებულ რიცხვებს. ყველაფერი მანიპულაციებზეა დამყარებული“, — განაცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
ექსპერტის განმარტებით, მთავრობის მიერ გაჟღერებული 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ვირტუალურია, რადგან ის მხოლოდ საერთაშორისო IT სექტორზე მოდის და ქვეყნის რეალურ ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე არ აისახება.
„როდესაც საუბარია ეკონომიკის ზრდაზე, ჩაშლილად რომ წარმოვიდგინოთ რასთან გვაქვს საქმე, დავინახავთ რომ ეკონომიკის რეალურ სექტორს ეკონომიკური ზრდა არ შეხებია. აი-ტი სექტორში გვაქვს განსაკუთრებული ზრდა. მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ აი-ტი სექტორს, სოციალურ სექტორთან არანაირი კავშირი არ აქვს. აი-ტი სექტორში ზრდა ეს არის საერთაშორისო სისტემებიდან გამომდინარე. ისინი ჩვენთან გადასახადებს, პრაქტიკულად არ იხდიან. აი-ტი სექტორში ვირტუალურ ზრდას, რეალური სიკეთე არ მოაქვს. მისი მოგებები სოციალურ სექტორში არ კონვერტირდება და სოციალურ სექტორთან ბმა არ აქვს. ეკონომიკის ზრდა მაშინაა, თუ ზრდა ეკონომიკის რეალურ სექტორშია. ადამიანები რეალური სექტორში საქმდებიან, შემოაქვს სტაბილურად გადასახადები. აქ ჩვენ არა თუ ზრდა არ გვაქვს, ზოგ სფეროებში კლებაც კი გვაქვს. აი-ტიში გვაქვს ზრდა და ამით იხურება დანარჩენი სექტორები. რეალურ სექტორში არის სფეროები რომ ზრდა გვაქვს 3%, არის სფეროები, სადაც ზრდა კი არა კლება გვაქვს… იქმნება ვირტუალური სურათი, თითქოს რაღაც წარმატება გვაქვს, და ეს ხდება იმის ფონდე როცა საშუალო მოქალაქე კი არ მდიდრდება, არამედ ღარიბდება“, — აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კატასტროფული ინფლაციაა, ხოლო სტატისტიკური ფორმულები რეალურ სურათს ამახინჯებს. ის ასევე ეხმიანება მთავრობის არგუმენტს, რომ პენსიების მკვეთრად გაზრდა პენსიონერთა რაოდენობის მატების გამო ფერხდება:
„შესაძლოა, ბევრი რამ საკამათო იყოს – თუ 7,5% ზრდა გვაქვს, წუწუნი იმაზე რომ პენსიონრებს იმიტომ ვერ ვუმატებთ პენსიას რომ მათი რიცხვი 2025 წელს 24 200-ით გაიზარდა, გაუგებარია. პენსიონრების რიცხვის ზრდა ხომ ბუნებრივი ამბავია… ინფლაციასთან დაკავშირებითაც, მანიპულაციებთან გვაქვს საქმე. საშუალო სტატისტიკური მოქალაქის სამომხმარებლო კალათა შესაბამისობაში არა იმ ფორმულასთან, რითაც იფვლება ინფლაცია. შემოსავლების უდიდესი ნაწილი ხმარდება საკვებს და კომუნალურ გადასახადებს. ჩვენ კატასტროფული ინფლაცია გვაქვს. ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზარდა 30%-ით. საკვებზე ფასები გაიზარდა რიგ შემთხვევაში 10%-ით. ანუ სამომხმარებლო კალათა გაზრდილია. ამ რეალური კალათიდან გამომდინარე ბოლო წლებში ადამიანები მკვეთრად გაღარიბდნენ“.
ანალიტიკოსმა მკაცრად გააკრიტიკა ირაკლი კობახიძის მტკიცებულება, რომ უმაღლეს ეშელონებში კორუფცია აღმოფხვრილია და ყურადღება გაამახვილა გენერალური პროკურორის ბუნდოვან პოზიციაზე.
„ყველა პრემიერი იმავეს ამბობდა. გახსოვთ პრემიერი საქართველოში რომელსაც ეს არ უთქვამს? რეალურად, იმ ტიპის ავტორიტარული მართვის სისტემები რომელიც ჩვენ გვაქვს, კორუფციაზე დგას. იგივე ეკონომიკურ ურთიერთობებში ხელისუფლებამ რამე შეცვალა? არც არაფერი არ შეუცვლია. რკინიგზაში იყო კორუფცია. როგორც მანამდე იყო რკინიგზაში ინტერესჯგუფები, რომლებსაც მონოპოლიზებული ჰქონდათ გადაზიდვების თემა, ისევე ახლაც. შესაძლოა, სახელები გვარები შეიცვალა. სისტემა იგივე დარჩა. კორუფცია პირდაპირ ჩემოდნით აღებ-მიცემობა კი არ არის. კორუფციას აქვს სხვადასხვა გამოვლინებები. დღეის მდგომარეობით სისტემურად არაფერი შეცვლილა. რომელი „სალარო დაშალეს“?, უბრალოდ პატრონები შეცვალეს. მეტი არც არაფერი მომხდარა“, — აცხადებს ხუხაშვილი.
პრემიერის მიერ დასახელებულ ინფრასტრუქტურულ გეგმებს (თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს, სამტრედიის ხიდი 2028 წელს) ანალიტიკოსი უპერსპექტივო ნარატივად მიიჩნევს:
„ამაზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს, ასე აკეთებდა ყველა პრემიერი და ამანაც იგივე გაიმეორა. რეალურად ჩვენ პრობლემები გვაქვს დღეს და ახლა და 2030 წელს რა დასრულდება, ან დასრულდება თუ არა, ამაზე საუბარი არასერიოზულია. ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული გამოწვევები და პრობლემები ყველა მიმართულებით, უსაფრთხოება იქნება ეს თუ ეკონომიკაში თუ პოლიტიკაში. პრაქტიკულად, დასავლური გაგებით ქვეყანა იზოლაციის პირასაა. პრემიერის გამოსვლა ხელისუფლების იგივე ნარატივის გაგრძელება იყო, რაც აქამდე გვესმოდა. ეს ეხება ისევ საქართველოს ომში ჩათრევის თემას და ასე შემდეგ“.















