ხუხაშვილი “ოცნებაზე” – ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ

„ქართული ოცნების“ კონსტრუქცია – ხელისუფლების ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი და ძალაუფლების უზურპაცია იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე ბზარიც რომ გაჩნდეს, ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ – სწორია, რომ შიში აქვთ, ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ნებისმიერმა ბზარმა შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად ყველაფრის დამსხვრევა, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ძალაუფლება და არა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება.

გია ხუხაშვილის განცხადებით, სახელმწიფოებრივად უმჯობესია მეტი პოლიტიკური ბალანსი იყოს, რადგან ეს დააზღვევს სახელმწიფოს კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან და სხვა მანკიერებებისგან.

„ეს არის ღრმად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკურ ბალანსზე და ურთიერთკონტროლზეა ხელისუფლება აგებული, მაგრამ „ქართული ოცნების“ კონსტრუქცია – ხელისუფლების ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი და ძალაუფლების უზურპაცია ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე ბზარიც რომ გაჩნდეს ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ. ეს იციან კარგად და ამიტომ ცდილობენ შეინარჩუნონ აბსოლუტური ძალაუფლება და სწორია, რომ შიში აქვთ, რომ ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ნებისმიერმა ბზარმა შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად ყველაფრის დამსხვრევა. მათი მმართველობითი სისტემის კონსტრუქცია კონსტრუქციული ხარვეზია ისეთი, რომ ვერ იტანს სულ მცირე დათმობასაც კი. ძალიან სევდის მომგვრელია და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აბსოლუტური კონტროლის გარდა ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნა, მათთვის მთავარია ძალაუფლება და არა დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება ქვეყანაში. სახელმწიფოებრივად ჯობია, რომ მეტი პოლიტიკური ბალანსი იყოს, რა თქმა უნდა, რადგან ჩნდება პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი და შესაბამისად, ეს აზღვევს სახელმწიფოს კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან და კიდევ სხვა მანკიერებებისგან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურ ძალაუფლებაზეა აგებული მათთვის, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული საფრთხე“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „იმედის“ განცხადებას, რომ ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და აღნიშნა, რომ ეს გამართლების მცდელობაა და რეალურად ისინი ხელისუფლებას ემსახურებიან.

„ხომ ვერ გვეტყვიან აქამდე რა რეჟიმში მუშაობდნენ? რეალურად მათი „ანტინაციონალური მოძრაობის“ სარედაქციო პოლიტიკის გამოცხადება ეს არის ფარსი და ფარისევლობა. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ კიარ არიან, ვითომ ამის მიზეზები, რომ აქვთ 2007 წლის მოვლენები და იმ ჟურნალისტებისგან იქ ბუნდღა რომ აღარ არის დარჩენილი ვინც მაშინ რეალურად დაზარალდა, არამედ ეს არის უბრალოდ გამართლების მცდელობა. ეს არის წმინდა სახელისუფლებო პროპაგანდის უხარისხოდ ვითომ-ვითომ შეფუთვის მცდელობა, რომ ნაცებს ებრძვიან. „ნაცებს“ კიარ ებრძვიან, ხელისუფლებას ემსახურებიან, მეტი არაფერი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ღიად არ უჭერენ მხარს, სწორს აკეთებენ
შემდეგი სტატიაWashington Post – აშშ-მა საქართველოსთან უსაფრთხოების პაქტი ექვსი წლით გაახანგრძლივა