30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ხუხაშვილი: მტერთან ენის მოჩლექით საუბრობენ, მოყვარეს ლანძღავენ -ეს კონცეფცია სახელმწიფოსთვის დამანგრეველია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კონსტიტუციის უგულებელყოფაში, ძალაუფლების უზურპაციასა და ევროპული კურსის საბოტაჟში ადანაშაულებს. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექსპერტმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის განცხადებები, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, სრული აბსურდია.

„ხელისუფლებას ევროკავშირი რომ არ უნდა, ეს ცხადია… ჩვენ ვეუბნებით, მიგვიღეთ ევროკავშირში ისეთები, როგორიც ვართ — ეს კი სრული აბსურდია. ამბობენ, რომ თურმე ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია ყოფილა პრობლემა. დიდი ბოდიში, მაგრამ თამაშის ეს წესები ევროკავშირში რამდენიმე ათწლეულია არსებობს და აქ ბიუროკრატია არაფერ შუაშია“, — აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი პასუხობს მმართველი გუნდის ნარატივს, თითქოს მათ ქვეყანაში რამდენჯერმე აღკვეთეს რევოლუცია და მიიჩნევს, რომ რეალურ გადატრიალებას თავად ხელისუფლება ახორციელებს.

„თუ საქართველოში ვინმე რევოლუციას ახდენს, ეს ხელისუფლებაა. ისინი პერმანენტულად საბოტირებენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ანუ გადიან თავისი მანდატის ფარგლებიდან, რისთვისაც ისინი დაიქირავა ხალხმა. ამას ჰქვია ძალაუფლების უზურპაცია… ხელისუფლებაა პერმანენტულად სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში. რატომ? იმიტომ, რომ მუდმივად და ყოველდღიურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ხელისუფლება თავად აყენებს თავის თავს კანონგარეშე“.

გია ხუხაშვილმა საგანგაშო უწოდა ხელისუფლების პოზიციას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის შესაძლო ანექსიურ გეგმებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მტერთან „ფრთხილი“ პოლიტიკა სახელმწიფოსთვის დამანგრეველია.

„რუსებთან ასეთ პოლიტიკას პერსპექტივა არ აქვს. ჩვენს ხელისუფლებას უსაფრთხოების კონცეფცია აგებული აქვს ასეთ მარაზმზე. მტერთან ენის მოჩლექით საუბარი კონცეფცია არ არის… როცა იმპერიას ენის მოჩლექით ელაპარაკები, ის ამას კარგ ტონად კი არ აღიქვამს, არამედ აღიქვამს შენს სისუსტედ და კიდევ უფრო მაგრად გაჯდება თავზე. მოყვარეს — ანუ ევროპას და ამერიკას მუდმივად ლანძღავენ… ასეთ სამარცხვინო და უღირს კონცეფციაზეა აგებული ქვეყნის მთელი უსაფრთხოების სისტემა… ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ საერთაშორისო ურთიერთობებში სუბიექტურობას და ასეთი ტერიტორია, საბოლოო ჯამში, მტრის ლუკმა ხდება“, — დასძინა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: პრემიერს წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკაზე, ციფრები მანიპულაციაა- ხალხი რეალურად ღარიბდება
შემდეგი სტატიაგორში მოზარდი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს