“ცოტნე ივანიშვილთან პოლიტტექნოლოგები მუშაობენ… კობახიძეც, როგორც ჩანს, უკვე ჩასარეცხად არის გამზადებული”,_ ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ვაჟს პრემიერობისთვის ამზადებს.
ხუხაშვილის შეფასებითვე, ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრების პოლიტიკაში ჩართვით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
“თუ ამ ბავშვს [ცოტნე ივანიშვილს] აინტერესებს პოლიტიკა, რატომაც არა? სხვა საკითხია, რომ მას მოუწევს საკმაოდ მძიმე ტვირთვის ზიდვა მამამისის ცოდვების. ფაქტია, რომ მასთან მუშაობენ პოლიტექნოლოგები, ფაქტია, რომ ის გოგონა, რომელმაც კითხვა დასვა, იყო მომზადებული, კითხვა იყო დაწერილი და პასუხიც იყო დაზეპირებული. მის ძალაუფლებას, მისი ოჯახის ინტერესებს სჭირდება დაცვა და რა სჭირდება დაცვას? ერთის მხრივ, იმპერიის მართვა და მეორე მხრივ, პოლიტიკური გარანტიების მიღება, რომ მისი ეს კეთილდღეობა იქნება დაცული. შესაბამისად, მან თავისი შვილები, ღმერთა ბევრი მისცა, უნდა გადაანაწილოს ამ სიკეთეების დაცვაზე, ცოტნე, დავუშვათ, პოლიტიკაში, ბერა – ბიზნესში და ა.შ. და ამ საქმით არის დაკავებული. ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ეს ხალხი ხომ დროებითები არიან, ბიძინას ხომ არავინ ჰყავს მუდმივი ოჯახის გარდა. კობახიძეც, როგორც ჩანს, უკვე ჩასარეცხად არის გამზადებული, იმიტომ, რომ იგივე, თუ დავუბრუნდებით ჩვენ ცოტნეს განაცხადს, ამ განაცხადში იყო მცდელობა, რომ მთელ ამ უბედურებაზე ცოდვების განტევების ვაცად, როგორც ჩანს, კობახიძე დაინიშნება ახლო მომავალში”, – ამბობს ხუხაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი შვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გეგმავს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში „წარსულის გარჩევების“ დრო არ არის და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი 18 აპრილს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოჩნდა. მას ერთ-ერთმა დამსწრემ ჰკითხა, რას ფიქრობს პოლარიზაციის მაღალ დონეზე, ასევე აქციებზე ნაცემ ახალგაზრდებზე და ამის ფონზე პოლიციელთა დაუსჯელობაზე.
„ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“, – თქვა მან და აღნიშნა: “დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს”.















