ხუციშვილი – არანაირი კითხვა არ არსებობს, როგორ ხდება სანქციების აღსრულება საქართველოში, საბაჟო ორგანოებმა 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერეს, რადგან იყო ეჭვი გარკვეულწილად სანქციების წესის შესაძლო დარღვევაზე

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართულ ონლაინდისკუსიაზე– „სანქციების პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“, დისკუსიის მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

ლაშა ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ გავლენებზე, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმა და შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა საქართველოს ეკონომიკაზე იმოქმედა.

სანქციების ნაწილზე საუბრისას ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად არის ჩართული იმ სანქციების აღსრულების პროცესში, რომელიც დაწესებული აქვს საერთაშორისო პარტნიორებს.

„საქართველო, ბუნებრივია არის სანქციების ნაწილი. საქართველო სრულად არის ჩართული სანქციების აღსრულების პროცესში, რომელიც დაწესებული აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გავლენა არ არის იმ ოდენობის, რისი უგულებელყოფაც შეიძლება, გაკეთდეს. სხვადასხვა მონაცემით, ჩვენ უკვე სანქციების დაწესების პირველივე კვირებში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად გაკეთებული გვქონდა შეფასებები.

ბუნებრივია, ამ შეფასებებს ხშირად ვაახლებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში სწრაფად იცვლება სიტუაცია. შესაბამისად, გავლენები ბუნებრივია, იდენტიფიცირებულია. გავლენების მიმართულებები, კონკრეტულად ომი და სანქციები, რომელბიც ჩვენს ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. რამდენიმე არხია, საიდანაც შემოდინებების ნაკლებობაა მოსალოდნელი. პირველ რიგში, ალბათ ეს არის ექსპორტის მიმართულება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიც და უკრაინაც საქარველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ და არიან. ასევე გადმორიცხვები და ტურიზმის ნაწილი.

გარდა ამისა, ზოგადად, როდესაც რეგიონში ასეთი მასშტაბური ომი მიმდინარეობს, ახალი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ინვესტორების დამოკიდებულება, ბუნებრივია, შეცვლილია. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც შესაძლებელია, გარკვეული ეფექტი ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე. თავდაპირველ სცენარში შეფასებული იყო, რომ დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით შესაძლოა, დაეკარგა ქვეყანას შემოდინებების მიმართულებით, თუმცა ამ პროცესმა ჩვენ დაგვანახა, რომ გარდა იმისა, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი, ასევე ქვეყნისთვის არის გარკვეული შესაძლებლობა, რაც ნაწილობრივ მაინც ახდენს ამ დანაკარგების კომპენსირებას.

ერთი მიმართულება, რომელზეც საუბარი იყო, ესაა ლოგისტიკის ნაწილი, საერთაშორისო გადაზიდვები – გადმომისამართდა მარშრუტები საქართველოს მიმართულებით. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება ქვეყნისთვის. გარდა ამისა, მეორე მიმართულება, რომელიც ქვეყანას გააქტიურებული აქვს, ესაა ტურიზმი. სხვა ალტერნატიული ბაზრებიდან ტურისტის ჩამოყვანა. ამ მიმართულებითაც ჩვენ ვხედავთ, რომ პროგნოზირებულზე შედარებით მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში პირველი ხუთი თვის განმავლობაში. ასევე, თანხობრივადაც მნიშვნელოვნად აღემატება იმ პროგნოზებს, რაც წლის დასაწყისში გვქონდა. ყოველ შემთხვევაში, ომის დაწყების შემდეგ გვქონდა. ბუნებრივია, სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი ბიზნესი მოვიზიდოთ საქართველოში, რომელსაც სურვილი აქვს, შეიცვალოს ბიზნესის კეთების ადგილი. ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი კომუნიკაცია აქვს სახელმწიფო უწყებებს, ეკონომიკას, ფინანსთა სამინისტროს, რათა მეტი ინვესტორი დავაინტერესოთ საქართველოთი. ეს არის მოცემულობა, რაშიც საქართველოს ეკონომიკა იმყოფება.

მეორე მხრივ ვხედავთ იმ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც სახეზეა პირველ კვარტალში. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, არ ვცვლით ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. დახლოებით ორ თვეში შეგვეძლება, განახლებული პროგნოზები გავაკეთოთ. ბუნებრივია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკებისთვის მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია. ინფალია, ასე ვთქვათ, ერთგვარი ფასია იმის, რასაც ჩვენ, ყველა ვიხდით სიტუაციის გამო, რაც დღეს ხდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ფასის გადახდაზე, საქართველო იმყოფება რეგიონში, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის კუთხით. ახლახან მსგავსი შეფასება ჰქონდა გაკეთებული საერთაშორისო სავალუტო ფონს, როდესდაც ეკონომიკაზე სანქციების და მის გავლენები იქნა შეფასებული. ბუნებრივია, როდსაც ვსაუბრობთ ერთ მილიარდ დოლარზე, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის არის დაახლოებით შიდა პროდუქტის 5 პროცენტის ოდენობა, რაც ძალიან დიდი ეკონომიკური შოკია ქვეყნისთვის. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა შემცირდეს აღნიშნული ეკონომიკური წნეხი ქვეყანაზე და მაქსიმალურად მოხდეს დივერსიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით.

როდესაც ვსაუბრობთ სანქციებზე და სანქციების აღსრულებაზე, ბუნებრივია, საქართველო არის საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი და სრულად ასრულებს იმ სანქციებს რომელიც დაწესებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. ძირითადად სანქციები დაწესებულია აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის მიერ. ბუნებრივია, ეს მოიცავს როგორც საფინანსო მიმართულებას, ასევე საგარეო ვაჭრობას. ორივე ნაწილში საქართველო საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სანქციების აღსრულების პროცესში. ჩვენ ვიცით, ყველამ დავინახეთ, რა ოპერატიულად მოხდა „ვითიბი“ ბანკის „ქეისის“ დახურვა ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი ქვეყანაში სიდიდით იყო ნომერ მეოთხე და ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო, პროცესი საკმაოდ უმტკივნეულოდ განხორციელბულიყო. ფაქტობრიად ერთი კვირის განმავლობაში მოხდა აღნიშნული პროცესის დახურვა. შესაბამისად, არც კი გაუგია საფინანსო სექტორს, ისე მოგვარდა აღნიშნული პრობლემა.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც საგარეო ვაჭრობის მიმართულებთ ხორციელდება. ქვეყანა აქტიურ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. მინდა, აღვნიშნო, რომ საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია იმ სანქციების აღსრულება, რომლებიც საბაჟო მიმართულებით ხორციელდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოს უწევს სანქციების აღსრულების განხორციელება. ამის გამოცდილება საბაჟო ორგანოს აქამდეც ჰქონდა, თუმცა ბუნებრივია, რა მაშტთაბიც დღეს არის, ანქციებთან მიმართებით, უპრეცედენტოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსი, რომლითაც საბაჟო ორგანო მუშაობს, სწორედ გადამისამართდა სანქციების აღსრულების მიმართულებით. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა ჩვენს რეგიონზე მნიშვნელოვნად არის ბოლო პერიოდში გააქტიურებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკის რეჟიმში მუშაობს საბაჟო ორგანო. ეს მოიცავს ყველა ტიპის კონტროლს, ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციის კონტროლს, როგორც ევროკავშირიდან რუსეთის მიმართულებით, ასევე რუსეთიდან ევროკავშირის მიმართულებით.

როგორც იცით, ორივე მიმართულებით არის სანქციები დაწესებული. არა სრულად ყველა ტიპის საქონელზე, თუმცა საქონლის გარკვეულ ჩამონათვალზე, რომელიც ბუნებრივია, საბაჟო კონტროლით არის დადგენილი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია კომუნკაცია და ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ჩვენს საბაჟო ორგანოს აქვს თითოეული ქვეყნის საბაჟო ორგანოსთან. ამ პროცესში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საბაჟო ორგანო აკონტროლებს როგორც ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვას რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, ასევე აკონტროლებს ექსპორტისა და რეექსპორტის მიმარულებებსაც. ბუნებრვია, ეს დიდ რესურს მოითხოვს. ამ მიმართულებით საბაჟო კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

ჩვენ შეგვიძლია, სტატსტიკაზეც ვისაუბროთ. დაახლოებით, 90 ოპერაციაზე მეტია, რომლის შეჩერება მოხდა საბაჟო ორგანოს მიერ, იქიდან გამომდინარე, რომ იყო ეჭვი, შესაძლებელია, გარკვეულწილად ყოფილიყო სანქციების წესის დარღვევა. თითოეულ ამ ოპერაციაზე ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები. ქვეყნები, საიდანაც ხდება აღნიშნული საქონლის გამოგზავნა საქართველოს გავლით. ამ პროცეში გვაქვს კარგი კომუნიკაცია აშშ-ის შესაბამის ორგანიზაციებთან, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან. შესაბამისად, არანაირი კითხვა და ეჭვი, საქართველოში როგორ ხდება სანქციების აღსრულების პროცესი, არ არსებობს. პირიქით, საქართველოს საბაჟო ითვლება საიმედო პარტნიორად თითოეული ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოსთვის. გარკვეულწილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საბაჟო მნიშვნელოვნად აზღვევს იმ რისკებსაც. როდესაც საქმე გვაქს 10 ათასობით და 100 ათასობით საბაჟო ოპერაციებთან, ბუნებრვია, ერთეულ შემთხვევებზე არსებობს რისკი, რომ გარკვეულწილად შეცდომის დაშვება მოხდეს. ამ მიმართულებით საქართველოს საბაჟი არის საიმედიო პარტნიორი თითოეული ქვეყნისთვის, რომლის მიერაც დაწესებულია სანქციები. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანომ მოკლე დროში მოახდინა გადაჯგუფება და შესაბამისი რეორგანიზაცია, რათა ეფექტიანად მომხდარიყო თითოეული ოპერაციის კონტროლი როგორც ადამიანური რესურსების მიმართულებით, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის. ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებლები იმ პროცესზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების აღსრულება“, – განაცახდა ლაშა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგორში სუპერმარკეტი ,,ლიბრე ” დააყაჩაღეს – ნაცემია ორსული ქალი
შემდეგი სტატიალავროვი – მოლაპარაკებების დასაწყებად ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის წაყენებული პირობები არასერიოზულია