ხუბუტია მისი და ბიძინა ივანიშვილის გაფლანგული მილიონების კვალს ეძებს და გამოძიებას ითხოვს

“მხოლოდ ახლა, მეგობრების თხოვნით მოვისმინე “რუსთავი 2”-ზე გასული სიუჟეტი, ზოგადად ამ არხს არ ვუყურებ რადგან ის არ წარმოადგენს ჩემთვის ობიექტური ინფორმაციის წყაროს! რაც მოვისმინე აბსურდი და სინამდვილეს მოკლებულია! ჩემი შესაძლებლობებით, მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის კურთხევით და ნებართვით ყოველთვის ხელს ვუწყობდი, რასაც მთხოვდნენ და ვაკეთებდი იმას, რაც ეკლესიას სჭირდებოდა, ვინც მიცნობს ყველამ იცის ჩემი შესაძლებლობები მეტია, ვიდრე მცირე კვადრატული ფართობზე მოწყობილი კაფე, საერთოდაც ჩემი ჩარევის შედეგად არსებობს ეს ეკლესია ამ ტერიტორიაზე და მისი რესტავრაციისთვის კიდევ მაქვს დანახარჯები, ამას იმიტომ ვხსნი, რომ საზოგადოებამ იცოდეს და არ დაეყრდნოს ამ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებას!

არსებობს ბევრი ფაქტი, რომ შემოწირულობები გაფლანგულია, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეწირული მილიონ ნახევარი დოლარი, გამოიძიონ ობიექტურად სად წავიდა თუნდაც ჩემს მიერ შეწირული 6 მილიონზე მეტი, მე მზად ვარ, ხელი შევუწყო ამ ყველაფერს.

მივმართავ ტელეკომპანია “იმედს”, აღნიშნულ საკითხზე ობიექტური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროს, რათა გაირკვეს, სად მიდიოდა ეკლესიისთვის შეწირული თანხები, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს”-ასე ეხმაურება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია რუსთავი2-ზე გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარია იყო მამა მირიანის მიერ მოსკოვის ქართული ეკლესიის დატოვების ფაქტზე.

რუსთავი2: “მოსკოვის ქართული ეკლესიის მამაოს რუსეთი დაატოვებინეს. მანამდე მამა მირიანს პოლიცია დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ეძებდა. როგორ ცხოვრობდა ქართველი სასულიერო პირი გაყალბებული დოკუმენტებით მოსკოვში, ამოუხსნელია. მამა მირიანმა თბილისში წამოსვლით თავი დააღწია პატიმრობას, რომელიც ემუქრებოდა.
მრევლის მონაყოლით, მამა მირიანმა ტაძარი ყველასთან შეუთანხმებლად დატოვა, ტაძრის რუსმა წინამძღვარმა კი შემთხვევით გაიგო, რომ ქართველ სასულიერო პირს საზღვარი უკვე გადაკვეთილი ჰქონდა და ის თბილისში იმყოფებოდა. მისი წამოსვლის შესახებ ტაძრის საძმოს წევრებმაც თბილისიდან გაიგეს, მამა მირიანის სულიერი შვილები კი ამ გადაწყვეტილებით საპატრიარქოს დაუპირისპირდნენ.

ორად გაყოფილი მრევლის დაპირისპირების ისტორია მამა მირიანის წამოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. დავა ბიზნესინტერესებს უკავშირდება. უთანხმოება მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ეკლესიის ეზოში მდებარე კაფემ გამოიწვია. ვინ ჩაიგდებდა ხელში მოსკოვში ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესს, მთავარი საკითხი იყო.

ქართველი ემიგრანტები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ მათ შორის უთანხმოების უკან, სასულიერო პირების გარდა, სხვა უფრო გავლენიანი გვარები დგანან. პირი, რომელზეც ეკლესიის ეზოში მდებარე რესტორნის ხელმძღვანელი და ტაძარში მოღვაწე მღვდელი საუბრობს, ქართველთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ ხუბუტიაა. მათი ინფორმაციით, გავლენების მოპოვება ტაძარზეც და ბიზნესზეც სწორედ ხუბუტიას სურს.

საქართველოს საპატრიარქომ თბილისიდან მოსკოვში მცხოვრებ მრევლს გადაწყვეტილება უკვე გაუგზავნა, მამა მირიანი იქ აღარ დაბრუნდება, მრევლს კი მოუწევს სულიერი მოძღვარი შეიცვალოს”

banner
წინა სტატიაშივინ თანამშრომლობდა ჰიტლერთან? პოლონურ-უკრაინული სკანდალი
შემდეგი სტატიაშსს-მ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა