ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიმიღია და ალბათ მომცემენ, თუ საერთოდ უნდათ ჩემი მისვლა

მმართველი გუნდის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია. პარტია ”ქართული ოცნების” წევრი აღნიშნულის გამო უკმაყოფილოა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, უკვირს, რატომ დააგვიანეს მოსაწვევის გაგზავნა.

ამასთან, ნიშნიანიძემ არ გამორიცხა, რომ ყრილობა ხვალ საერთოდ არ გაიმართოს, რის მიზეზადაც პარლამენტში ”ბევრი საქმე” დაასახელა.
”მეც მიკვირს რატომ დააგვიანეს მოსაწვევის მოცემა. ალბათ არის სადღაც და მომცემენ, თუ საერთოდ უნდათ ჩემი მისვლა ყრილობაზე. ხვალ უკვე ყრილობაა, თუმცა არ არის გამორიცხული ხვალ არც გაიმართოს და გადაიდოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი პარლამენტში. შეიძლება ერთი დღით გადავიტანოთ ეს ყრილობა“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის საკითხსაც გამოეხმაურა.

,,თუ პარტიულ სიაზეა საუბარი, დიდი იმედი არ მაქვს რომ მასში ვიყო. არც მინდა, რომ ვიყო. ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ვაპირებ მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყო, თუმცა არ მაქვს შეთანხმებული. განაცხადი გავაკეთე და იმედია, მისულია პირველ პირებამდე“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

”ქართული ოცნების” ყრილობის ჩატარება 14 მაისს, 16:00 სააათზეა დაგეგმილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, ყრილობის გადადების საკითხი არ განიხილება.

banner
წინა სტატიაში,ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის კუთხით არსებული რეალობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს”
შემდეგი სტატიაშავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის პრეზიდენტად გიგა ზედანია დაასახელეს