“ყოვლად გაუმართლებელი… იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან” – საპატრიარქო ყინწვისის სარემონტო სამუშაოებს ეხმაურება

ყინწვისის ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, ძველი იატაკი მარმარილოს ფილებით შეცვალეს, საპატრიარქო ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარს გამართლება არ აქვს, რადგან ნაგებობა მე-13 საუკუნის ძეგლია და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით.

“მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი.

“ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით.

“როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ძეგლი არ დაზიანებულა, მაგრამ დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც სრულიად შესაძლებელია.

“ცნობისათვის ავღნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი.

“საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე,“-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის! – მამუკა ხაზარაძე სექტემბრიდან გააქტიურებას აანონსებს
შემდეგი სტატია2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა