ევროპარლამენტარები პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნიან. წერილს Twitter-ზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აქვეყნებს.
ტექსტში ხაზგასმით არის აღნიშნული მიხეილ სააკაშვილის როლი საქართველოში ჩატარებულ რეფორმებსა და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში.
ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერს აკეთებენ მის გასაუმჯობესებლად.
“დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ყოველთვის ვართ თქვენი მდგომარეობის საქმის კურსში და ყველაფერს ვაკეთებთ მის გასაუმჯობესებლად. გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპული მომავლისკენ და შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მძიმე შრომის გარეშე, კონკრეტულად, ევროპული რეფორმების კუთხით თანამდებობაზე თქვენი ყოფნისას”, – წერია წერილში.
წერილს ხელს ევროპარლამენტარები – პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, ტის როიტენი, მაიკლ გალერი, ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი აწერენ.