“ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ ეს დღე, საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დადგებოდა” – მაკო გომური სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

“ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ ეს დღე, საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დადგებოდა”, – ასე ეხმაურება მაკო გომური სტრასბურგის მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებას და “ქართული ოცნებისთვის” გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

როგორც გომური აღნიშნავს, დიდი პალატის მიერ, დღეს, საბოლოოდ გამოტანილი დასკვნა 26–ვე დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი იყო.

“ერთი წლის წინ იყო ამ საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში და უკვე ვიცოდით, რომ ეს დრო საჭირო იყო იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოეტანათ მოსამართლეებს. გვჭირდება რეალურად ის, რომ იმ კანონდარღვევებზე, რაც განახორციელა 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ”, გაემახვილებინათ ყურადღება, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად ეს შედეგი დადგა, რომ ამ რაღაცებზე გაამახვილეს ყურადღება და, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ნებისმიერი 20 ივნისის დაზარალებულისთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისი საერთო საქმეც იყო წაღებული, მნიშვნელოვანი და კარგი დღე იყო ჩვენთვის. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ, გავასაჩივრეთ, რადგან არ იყო გარკვეულ დეტალებზე ხაზგასმა, ესე მკვეთრი კომენტარები არ ჰქონდათ და, შესაბამისად, მოგვიწია, რომ გაგვესაჩივრებინა, რომ ეს დარღვევები გამოეკვეთა – ვგულისხმობ “ქართული ოცნების” დარღვევებს და დიდმა პალატამ საბოლოოდ გამოიტანა ეს დასკვნა დღეს… ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ ეს დღე, საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დადგებოდა“,– განაცხადა მაკო გომურმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ დღეს 20-21 ივნისის დარბევების შედეგად დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. დადგენილების დოკუმენტის მიხედვით, 26-ვე მომჩივანმა სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა მოიგო. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 26 მოქალაქის მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში. შესაბამისად, სახელმწიფოს, დაზარალებულებისთვის 646 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამავე დასკვნის მიხედვით, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნების წინააღმდეგ დაირღვა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა განცხადება
შემდეგი სტატია“ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს” – იუსტიციის მინისტრი