“ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ – ქართველები”

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას პარლამენტის თავმჯოდმარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უსუფაშვილის განცხადებით, უშუალოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა არ გაჩნდება, თუმცა მოსალოდნელია გარკვეული გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში:

“აშშ-ში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც შესაძლოა ბევრი არ ელოდა, არც აშშ-ში და არც მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ – ქართველები, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ. მე არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემები გაჩნდება. მე უფრო ველოდები გარკვეულ გამოწვევებს საერთაშორისო სისტემაში – საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდე შეინიშნებოდა პასუხისმგებლობებისა და ინიციატივების დეფიციტი. ამან მსოფლიოს ბევრ წერტილში საკმაოდ დაძაბა ვითარება. ამ თვალსაზრისით აშკარად იქნება გამოწვევები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყურადღებით უნდა ვიყოთ, უნდა გავაუმჯობესოთ, გავაორმაგოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ცოტა გაურკვევლობების პერიოდში, როდესაც შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნებს გაუჩნდეთ გარკვეული ვაკუუმის და იმის განცდა, რომ ახლა არის დრო რაიმე ნაბიჯები გადაიდგას არალეგიტიმური ინტერესების დასაკამაყოფილებლად, ამიტომ ჩვენ გვმართებს გარკვეული სიფხიზლე, დიპლომატიური არხებით და ყველა სხვა არხით, რითაც ქვეყნის ინტერესია დასაცავი. ეს ის თემებია, როცა პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მოწოდებული, რომ ქვეყნის ინტერესები ყველა ფლანგზე დავიცვათ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიქედაში გამართულ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: ასე არ გამოვა დეპუტატო ნაციონალებო, ჯერ გაემიჯნოთ, მერე მოემიჯნოთ!