27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლაა” — სოზარ სუბარი “ნაცმოძრაობაზე”

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ექსპრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. სუბარის შეფასებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართულობა შიდაპოლიტიკურ პროცესებში სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება.

„ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და არც მაინტერესებს. ყოველ ჯერზე, როცა ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ ხოლმე, მგონია, რომ ფსკერია და ამის ქვემოთ რაღა უნდა იყოს, მაგრამ ყოველი ახალი კანდიდატურა იმ ფსკერზე გაცილებით დაბლა არის ხოლმე. კიდევ ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, უკეთესი, მეტად განულდებიან. ფაქტი ერთია, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს კანონმდებლობასაც არღვევს, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მისი მონაწილეობა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მის მიმართ უსიტყვო მორჩილება დანაშაული და საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის დარღვევაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარს ასევე კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით. სოზარ სუბარის შეფასებით, „ოპოზიციის ალიანსი“ ერთიან ძალად ვერასდროს შეიკვრება.

„კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც კარგად იცის და რაშიც ჩემპიონები არიან, არის ლანძღვა, წყევლა. ამაში ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მსგავს ალიანსებს რაც შეეხება, რამდენი დავალებაც არ უნდა მიიღონ დასავლეთიდან და მათი პატრონებიდან, ისინი ერთიან ძალად ვერასდროს შეიკვრებიან, რადგან ყველას უნდა პირველობა. ამდენი პირველი ადგილი უბრალოდ ვერ იქნება ერთ კონკრეტულ ალიანსში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია
შემდეგი სტატიასასამართლომ $625 მლნ და €35 მლნ-ს გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილი 11 წლით პატიმრობაში გაუშვა