პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში აღარ ჩანს. იმ ფონზე, როდესაც “ოცნების” ექსმაღალჩინოსნების მიმართ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები ფართოდ განიხილება, ივანიშვილი არც განცხადებებს აკეთებს და არც საჯარო კომენტარებით გამოდის. ივანიშვილი არ ესწრება პოლიტსაბჭოს სხდომებს და, არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარტიის წევრებთან აქტიური კომუნიკაციაც არ აქვს.
“თქვენ რატომ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიშები, როდის შევხდი ივანიშვილს. თქვენ გაინტერესებთ, კი ბატონო, მაგრამ მე ხომ არ ვარ ვალდებული, თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო?” – განაცხადა პაპუაშვილმა.
“ოცნების” კიდევ ერთი წევრი ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ ივანიშვილი არ არის ვალდებული, გააკეთოს განმარტებები იმ პირების ნაცვლად, ვის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
რატომ უნდა გააკეთეს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით განცხადება? პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანის, ვინც მოქმედებს, ვინც რამე კანონს არღვევს, – თქვა კირცხალიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ამ ხალხის თანამდებობებზე დანიშვნა ივანიშვილის შეცდომა, კირცხალია ასე პასუხობს:
“შეცდომა არის ის, რასაც აკეთებს აგენტურა”.
„ქართულ ოცნებაში“ ვერ ასახელებენ კონკრეტულ თარიღს, როდის ნახეს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბოლოს.
“ვერ გეტყვით… ის, თავის ყოველდღიურ რეჟიმში ნამდვილად არ აცხადებს თავის ადგილმდებარეობას. თარიღებს ვერ გეტყვით, პოლიტსაბჭს სხდომები იმართება ისეთ რეჟიმში, სადაც შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდეს და ამ შემთხვევაში, ვერ გავიხსენებთ, – ამბობს ნინო წილოსანი.

















