ხოშტარია – „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც მათ არ ეთანხმება, არის მიკერძოებული

„ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც მათ არ ეთანხმება, არის მიკერძოებული, – ასე გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მე-18 დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებაზე მმართველ გუნდში გაკეთებულ შეფასებებს.

როგორც ხოშტარია ამბობს, მათი მიზანია, საკუთარი სიმპათია-ანტიპათიების მიღმა ინსტიტუტები თავის ფუნქციას ასრულებდნენ.

„ასეთი ტიპის განცხადებებში, მაგალითად, განცხადებაში, რომ როგორ შეიძლება, სადმე მერი იყოს ოპოზიციონერი, ან განცხადება, რომ ვინაიდან ლომჯარია იმას ამბობს, რაც მათ არ მოსწონთ, არის მიკერძოებული, კიდევ ერთი დასტურია, როგორ არ ესმით და როგორ სძულთ დემოკრატია, მრავალფეროვნება და სიმართლე „ქართულ ოცნებაში“. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ინსტიტუტები თავის ფუნქციას ასრულებდნენ მათი საკუთარი სიმპათია-ანტიპათიების მიღმა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.

banner
წინა სტატიაშისაუბრები ფაქტების გარეშე – რა ტყუილებში ამხელენ ანა წითლიძეს
შემდეგი სტატიაირინა ლომინაძე – პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა როგორც პოლიტიკოსს მე მას არ შევხდები