ხოშტარია – პოლიტიკური დევნა, ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი გახდა

პოლიტიკური დევნა, ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი გახდა – ეს არის თემა, რომელიც ცდება პარტიულ და ოპოზიციურ ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთიანი მსჯელობის და მოქმედების ფრონტი გვქონდეს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის მიზანი, პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეების შესახებ მსჯელობაა.

“პოლიტიკური დევნა, ამ ქვეყნის დასუსტების, პოლარიზაციის, დაპირისპირების გაზრდის და განვითარების შეფერხების, ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი გახდა. ეს არის თემა, რომელიც ცდება პარტიულ და ოპოზიციურ ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად საზოგადოებაში იმ ჯგუფებში, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, ცოდნა და გული შესტკივათ ქვეყანაზე, ჩვენ ერთიანი მსჯელობის და მოქმედების ფრონტი გვქონდეს. პოლიტიკური დევნა არის ძალიან საშიში მოვლენა. ამაზე ალბათ, ყველა უნდა შევთანხმდეთ და გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება. მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი და რა თქმა უნდა, დღეს ამ თემაზე გვექნება საუბარი. დიპლომატებს აქვთ დიდი გამოცდილება როგორც საერთოდ ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტის აღქმის, ასევე იმ კონკრეტული ინსტრუმენტების, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავუპირისპირდეთ ამ საშიშ მოვლენას და ერთად ვიმოქმედოთ.

პოლიტიკური ნება არის მთავარი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა იყოს თავისუფალი. პოლიტიკური ნება ან არის მთავრობაში, ან მის მომწიფებას ხელს უწყობს საზოგადოება, ამიტომ ამისთვის საჭიროა ბრძოლა და ასევე, ხალხს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ნებისმიერი შემდგომი ხელისუფლება უბრალოდ იძულებული იქნება, რომ ეს გააკეთოს. ამიტომ ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს – ვიბრძოლოთ „ქართულ ოცნებასთან“ ამის შესასრულებლად და მეორე – დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ჩვენ შურისძიების იარაღის ხელში აღება კი არ გვინდა, არამედ გვჭირდება და გვინდა, რომ ქვეყანაში შეიქმნას მართლმსაჯულების ძალიან მყარი ფუნდამენტი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიაბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაიოსელიანი – საზოგადოების დაკვეთაა, დასრულდეს პოლარიზაცია, ზიზღის ენით საუბარი და დაპირისპირება