ხოშტარია: პოლარიზაციის პროცესი ვერ დასრულდება პოლიტიკური დაჭერების ფონზე

„დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პოლარიზაციის დასრულების საკითხი განიხილოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დიალოგის დაწყება ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

„მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის კოორდინაცია ზოგადად კრიზისულ ვითარებაში და არის საკითხები, რაზეც აბსოლუტურად ერთიანები და კოორდინირებული ვართ. ახლა ნიკა გვარამიას პროცესიდან მოვდივარ, გვარამია-წერეთელი, “ლელოს” ლიდერები პირდაპირ არიან დაჩქარებული პოლიტიკური დევნის ქვეშ. ეს არ არის უცხო არც ერთი ქართველი პოლიტიკოსისთვის, არც ტელევიზიებისთვის, მაგრამ ოპოზიცია არ ვაპირებთ ვისხდეთ და ვუყუროთ ამ პროცესს, როგორც ბიძინა ივანიშვილის მორიგ მსხვერპლს. ერთი მინდა ცალსახად ვთქვა, ერთი მხრივ გვესმის, რომ პოლარიზაციის დასრულების სურვილი აქვს მაგალითად პრეზიდენტს. მე მაგალითად უპირობოდ მზად ვარ, რომ ამ თემაზე მას ვესაუბრო, მაგრამ პოლარიზაციის პროცესი ვერ დასრულდება პოლიტიკური დაჭერების ფონზე. ეს დღეები არის პრაქტიკულად ტესტი, რა ხედვა აქვს სალომე ზურაბიშვილს და ზოგადად, რა მიმართულებით მივდივართ”,-განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტისგან საახალწლო მიღებაზე მიწვევა მიიღო, თუმცა არ მიდის.

“პირველ რიგში, როგორც ჟესტი ჩემთვის დასაფასებელია და მხოლოდ მადლობა შემიძლია მას ვუთხრა. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება არ მაძლევს არც მორალურ და არც პოლიტიკურ უფლებას, რომ იქ საახალწლო ზეიმზე მივიდე. ეს იქნება ყალბი ჩემი მხრიდან და მეორე, ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესისთვის დამაზიანებელი. ჩვენი პრეზიდენტთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლარიზაციის დაძლევის თემაზე, რომლის შინაარსზე უნდა ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ჯერ საზეიმო არაფერი გვაქვს”,-განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას პარტიის წევრი დეპუტატები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე იქნება დაფუძნებული