9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ხოშტარია: ივანიშვილს ოპოზიციის განადგურება ვერ გამოუვიდა და ამიტომ უწევს აკრძალვა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის ჩანიშვნას გამოეხმაურა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არა პარტიული, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლაა, ხოლო ხელისუფლების მხრიდან პარტიების აკრძალვის მცდელობა პროდასავლური სპექტრის სიძლიერეზე მიუთითებს.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ველოდი და ძალიან მიხარია სიცხადე, რომ დაიწყო პარტიების აკრძალვის პროცესი. ოღონდ მიხარია არა დიქტატურა, არამედ ის, რომ გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და ქვეყანაში არსებულ დიქტატურას დავარქმევთ თავის სახელს. რეალურად, დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია – ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას.

ჩვენ დღეს ბრძოლისთვის სწორედ სიცხადე გვჭირდება, რომ სწორედ ყველა პლატფორმაზე საერთო სტრატეგიაზე ვიყოთ. ამის გაფორმება ჩვენ გვაძლევს იარაღს ძლიერი ბრძოლის. ჩვენს პარტნიორებს აძლევს კონკრეტულ იარაღს იმისა, რომ იმოქმედონ, აქტიურად იმოქმედონ და აღარ მოიტყუონ თავი, რომ ეს თითქოს რაღაცა დემოკრატიის კრიზისია. არა, ეს არის დიქტატურა!

ასევე მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ გამოუვიდა ჩვენი, ოპოზიციური პარტიების განადგურება. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ჯერ კიდევ 2024-დან. რადგანაც განადგურება არ გამოუვიდა, ამიტომ უწევს მას აკრძალვა. ეს მეტყველებს საქართველოში პროდასავლური სპექტრის სიძლიერეზე. ამიტომ ნუღარ მოვიტყუებთ თავს. ჩვენ არ ვართ პარტიულ ბრძოლაში, ჩვენ ვართ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მოქალაქეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით, პოლიტიკოსები“, – აღნიშნავს ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

banner
წინა სტატიაშიბესელია: პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა I მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა