ხოშტარია: ეკა ქვლივიძეს ყველა ტაშს უნდა ვუკრავდეთ, მაგრამ მიჯახუნებულ კარს მიღმა დგას

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში ეკა ქვლივიძის საქმეზე ისაუბრა.

ეკატერინე ქვლივიძე ქართველი სამხედრო მფრინავია, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო გაწყვიტა და სამხედრო სამსახური დატოვა. საპასუხოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ ქვლივიძეს უჩივლა და ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ხოშტარიამ თავდაცვის მინისტრს მიმართა, რომელიც დღეს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. დეპუტატმა თქვა:

“ამ შენობაში ახლა იმყოფება ეკა ქვლივიძე, რომელიც ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს საამაყო სიმბოლო თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ღირსეული შეიარაღებული ძალებისთვის. ყველა რომ ფეხზე უნდა ვიდგეთ და ტაშს ვუკრავდეთ, ისეთი ადამიანია თავისი განათლებით, მიღწევებით, მონდომებით, ენერგიით, რაც მას უნდა, რომ დაუთმოს შეიარაღებულ ძალებს. ეს ადამიანი ახლა დგას პარლამენტის მიერ მიჯახუნებული კარის მიღმა. არათუ თავდაცვის სამინსიტროს კარი მიუჯახუნეთ, პარლამენტის კარიც მიუჯახუნეთ, რომ ვაი და არ ესიამოვნოს ჩვენს თავდაცვის მინისტრს, რომ მისი სახე დაინახოს, უბრალოდ რომ მოუსმინოს.

რომ მოდიოდა, ამბობდა, კანონს ხომ არ დავარღვევ, იქ რომ შევიდეო. ის ამბობდა, თვითონ, იმიტომ რომ ის კანონმორჩილი ადამიანია.

გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანებით არ ვამაყობთ, მინდა იმ სადღეგრძელოს მიღმა, რომელიც მოვისმინეთ რამდენიმე მთავარი პრობლემა გამოვავლინოთ: ეს არის ჯარის დისკრედიტაცია, ვის მოზიდვაზე ლაპარაკობთ, როდესაც ასეთ ადამიანს წიხლს ჰკრავთ და შეურაცხყოფთ.

მეორე, ამბობთ, რომ მილიონები უნდა დახარჯოთ შვეულმფრენების მოდერნიზებაში, აგერ გყავთ მფრინავი და გარდა იმისა, რომ გადინებაა, როგორ აპირებთ, ათეულობით ადამიანი უნდა, რომ ამ მოდერნიზებას მოემსახუროს. ვის ატყუებთ? სად ხარჯავთ ამ მილიონებს, იმ ადამიანებს თუ კარგავთ, ვინც შვეულმფრენები უნდა ატაროს.

მესამე, მას უფროსმა უთხრა, ქალებისთვის რესურსის ხარჯვას არ ვაპირებთო. ნაცვლად იმისა, რომ ყველანაირი პირობა შეუქმნან მას. და კიდევ ერთი სისტემური პრობლემა. ამერიკელმა პარტნიორებმა, რომლებზეც დგას ქართული შეირაღებული ძალები, ამ ადამიანში ფული რომ ჩადეს და ათასობით დახარჯეს, რომ მერე ვიღაცა უზნეო ადამიანმა უთხრა, რომ ქალებისთვის დრო არ მყოფნის და მფრინავის გეგმაში ვერ ჩაგსვამთო და გორში ქვეითებში რომ გადაადგონ მფრინავი ადამიანი?”.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქის სამლოცველოში, დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და ხატები დაამტვრიეს
შემდეგი სტატიახშირად არის მცდელობა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ სამხედრო ძალები – მამუკა მდინარაძე