ხოშტარია – „დროა“ სხვა პარტიებთან კოორდინაციით ხმების დასაცავად ბრძოლას განაგრძობს

„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, „დროა“ სხვა პარტიებთან კოორდინაციაში თბილისში ხმების დასაცავად ბრძოლას განაგრძობს. მისივე თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს, რათა თბლისში, უბნებზე ხმები გადათვალონ.

როგორც ხოშტარია ამბობს, ეს დედაქალაქში გარდამტეხ სურათს შექმნის.

„დროა“ სხვა პარტიებთან კოორდინაციაში აგრძელებს თბილისში ხმების დასაცავად ბრძოლას. მინდა, წარმოგიდგინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ცდება მხოლოდ „დროას“, როგორც პარტიის ინტერესებს და არის ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი მთლიანად არჩევნებისთვის. დღესდღეობით, ვის ეკუთვნის უმრავლესობა თბილისში, „ქართულ ოცნებას“ თუ ოპოზიციას, გადის ერთადერთ მანდატზე. ერთი მანდატი არის გადამწყვეტი, თუ ვის ექნება უმრავლესობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი მანდატის სულ მცირე გაყალბებაც კი „ქართული ოცნების“ მხრიდან საკმარისია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცოს თბილისელების ნება და არაკუთვნილი უმრავლესობა. ამ ვითარებაში „ლელოს“ იმისთვის, რომ მიიღოს ეს ერთი მანდატი და გაიყვანოს მეორე ადამიანი, აკლია 0.6 პროცენტი, „გირჩს“ – 0.7%, „დროას“ იმისთვის, რომ გაიყვანოს ერთი ადამიანი და ჰქონდეს მანდატი, აკლია 0.3%. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მცირე ხმაზე, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს. ამ ფონზე როგორ გამოიყურება გაყალბების სურათი. ჩვენ არაერთი ოქმი წარმოვადგინეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ერთი ოქმი რომელიც გადახაზული იყო და ატვირთული ცესკოზე, მოხსნეს, მოიპარეს, მექანიკურად შეცვალეს, რაც არის კრიმინალური, სისხლის სამართლის საქმე. ლოტოტრონით გადათვლის შედეგად, უახლოეს დღეებში და ჩვენ არ გვაქვს ჯერ სრული სურათი, ვაკის 72-ე უბანზე „დროას“, სადაც ეწერა 0 აღმოაჩნდა 20 ხმა, საბურთალოს 88-ე უბანზე სადაც ეწერა ერთი, აღმოაჩნდა 18 ხმა, იგივე უბანზე მოემატა „გირჩს“ ორი ხმა. ასევე „გირჩს“ მოემატა ექვსი ხმა სხვა უბანზე. საბურთალოს მეჩვიდმეტე უბანზე, „ლელოს“ ეწერა ცხრა ხმა და აღმოაჩნდა 115 ხმა. 115 ხმა იყო გადაგდებული, მოპარული „ქართული ოცნების“ და ცეკო-ს მხრიდან, რაც არათუ ერთ მანდატს, კარდინალურად შეუძლია ასეთი სტატისტიკით შეიცვალოს თბილისში სურათი.

ასევე არ ჩამოვთვლი იმ უბნებს, სადაც ერთი-ორი ხმით იცვლება. საქართველოში ლოტოტრონით გადათვლის შედეგად 34%-ში შეიცვალა სურათი. რეალურად თუ ჩვენ გადავთვლით თბილისში უბნებს, რადიკალურად შეიცვლება პოლიტიკური სურათი, რადგან ჩვენ მეორე ტურებში გავალთ საკრებულოში ოპოზიციის უმრავლესობით. გუშინ ლოტოტრონით გადაითვალა ისანში, სადაც გადაითვალეს მხოლოდ სიები, რაც არასწორია, არ ასახავს რეალობას და ვერ გამოასწორებს სურათს.

ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა ყველა პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გვაქვს კომუნიკაცია დამკვირვებლებთან, კომუნიკაცია გვქონდა ენდიაისთან, დღეს გვაქვს ევროკავშირთან და ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანაა, მოვითხოვოთ და მივაღწიოთ თბილისში უბნების გადათვლას. „დროამ“ შეიტანა საჩივარი 200 უბნის გადათვლაზე, „გირჩმა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ შეიტანა. ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ და მივაღწიოთ თბილისში ხმების გადათვლას, რაც მოგვიტანს გარდამტეხ სურათს დედაქალაქში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – „ნაცმოძრაობას” არჩევნების მეორე ტურისთვის ძალიან რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი
შემდეგი სტატიამამა მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან, ციხეში მივიდა