“გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
სოფიო ხორგუანი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაზარალებული საკუთარი და სხვა პატიმრების უფლებებისთვის ბრძოლას მტკიცედ აგრძელებს.
მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება ნდობა გამოეცხადოს დაწესებულებას, სადაც მსგავსი ფორმის შემოწმება ტარდება.
„როგორ შეიძლება ვენდოთ დაწესებულებას, რომელმაც რაღაც უცნაურ რიტუალს — რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ — ჩხრეკა თუ გასინჯვა დაარქვა. სხვათა შორის, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირველ წლებში ძალიან ამაყობდნენ იმით, რომ მსგავსი ჩხრეკა აღარ ტარდებოდა და რენტგენის აპარატებით ხდებოდა შემოწმება. როგორც ჩანს, დაუბრუნდნენ ძველ მეთოდებს. რა რიტუალი იყო ეს, თუ არა ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა?! რა რიტუალი იყო 10-კაციანი თავდასხმა ერთ პატიმარზე და ლოგინზე დაწვენა, რა ჰქვია ამას?“, — განაცხადა ხორგუანმა.
ამასთან, ხორგუანმა მიმართა იმ პატიმრებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს და მათ აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მე მინდა ამ პატიმრებს მივმართო და ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, რა თქმა უნდა, გააგრძელონ სამართლებრივი გზებით, მაგრამ ფიზიკური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია“, — აღნიშნა მან.
















