10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ხორბლის გლობალური მარაგები 1.5 მლნ ტონით გაიზარდა

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) ხორბლის გლობალური მარაგების შეფასება გაზარდა.

ასოციაციის ცნობით, მიმდინარე სეზონის გლობალური ხორბლის მარაგის შეფასება კიდევ 1.5 მილიონი ტონით გაიზარდა და 1,103.2 მილიონ ტონას მიაღწია, რაც განპირობებულია რუსეთში (მარტის პროგნოზთან შედარებით 0.8 მილიონი ტონით მეტი) და ევროკავშირში (1.11 მილიონი ტონით მეტი) ზრდით.

ამასთან, ასოციაციის ცნობით, გლობალური მოხმარების პროგნოზი 4.7 მილიონი ტონით შემცირდა და 820.1 მილიონ ტონა შეადგინა, ძირითადად ინდოეთში საკვების, თესლისა და სამრეწველო გადამუშავებისთვის ხორბლის მოხმარების შემცირების გამო.

“ინდოეთის მთავრობის ხორბლის მარაგების მონაცემები მოსალოდნელზე მაღალი იყო, რაც შიდა მოხმარების შემცირებას გულისხმობს. რუსეთის ხორბლის მოხმარების შეფასება უცვლელი დარჩა 41.7 მილიონ ტონაზე, რაც გასულ სეზონთან შედარებით 1.7 მილიონი ტონით მეტია”, – იტყობინება საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია.

რაც შეეხება გლობალური ხორბლის ექსპორტის პროგნოზს, ასოციაცია წერს, რომ გლობალური ხორბლის ექსპორტის პროგნოზი 6.2 მილიონი ტონით გაიზარდა და 283.1 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასულ სეზონზე 24 მილიონი ტონით მეტია.

“პროგნოზის ზრდაზე გავლენა იქონია ინდოეთის, უკრაინის, ევროკავშირის, ავსტრალიისა და ბანგლადეშის შეფასებების გადახედვამ. სეზონის ბოლომდე რუსეთს 14.99 მილიონი ტონა ხორბალი დარჩება, რაც მარტის პროგნოზზე (15.19 მილიონი ტონა) ნაკლებია, მაგრამ გასული სეზონის პროგნოზზე (10.59 მილიონი ტონა) მეტია”, – იტყობინება ასოციაცია.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ემუქრებიან
შემდეგი სტატიაგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა