ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული დ.ღ.-ს ადვოკატის თქმით, პროკურორებმა საქმეზე სათანადო მტკიცებულებები არ მოიპოვეს

ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე დ.ღ.-ს პროცესზე, დაცვის მხარე მტკიცებულებების დემონსტრირებას აგრძელებს. დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ ჩანაწერს მოუსმინეს და გამოიკვლიეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ჩანაწერებით, სადაც ხორავას საქმის პროკურორები და გამომძიებლები საქმის დეტალებზე საუბრობენ, მტკიცდება, რომ დავით სარალიძის მკვლელის დასჯა ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ გამომძიებლებმა და პროკურორებმა სათანადოდ არ იმუშავეს და არა იმიტომ, რომ დ.ღ.-მ არასწორი ჩვენება მისცა.

დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება. არასრულწლოვანს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წარდგენილი.

„დაცვის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დემონსტრირებით ცალსახად დადასტურდა, რომ გამოძიების მიერ, როგორც გამომძიებლების, პროკურორების მხრიდან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების სათანადოდ არ მოპოვებას. ჩვენ ვეჭვობთ, რომ დანაშაულის დაფარვას მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, შესაბამისად არა დ.ღ.-ს ჩვენებამ, არამედ საგამოძიებო მოქმედებების არ ჩატარებამ შეუშალა ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას,“ – აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.

პროკურორის თქმით დღევანდელ პროცესზე არავითარ ისეთ გარემოებაზე არ ყოფილა საუბარი, რაც გამორიცხავდა ან შეამსუბუქებდა არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის წაყენებულ ბრალდებას.

„დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა კონკრეტული პირების მიერ, კერძოდ პროკურორის და საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული ხელმძღვანელის მიერ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მიცემულ ახსნა-განმარტებას. არავითარ ისეთ გარემოებაზე არ ყოფილა საუბარი, რაც გამორიცხავდა ან შეამსუბუქებდა არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის წაყენებულ ბრალდებას,“ – აცხადებს პროკურორი მირიან მეგრელიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – პარლამენტში მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა იმისთვის არ გამართულა, რომ ოპოზიცია კმაყოფილი დარჩენილიყო
შემდეგი სტატია“გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“ (იოან. 11,50)